საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაში ცნობილია

0
125

ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშებაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კალენდარი ცნობილია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი B ლიგის პირველ ჯგუფში ჩეხეთს, უკრაინას და ალბანეთს დაუპირისპირდება.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
I ტური | 7 სექტემბერი, 2024
საქართველო-ჩეხეთი
II ტური | 10 სექტემბერი, 2024
ალბანეთი-საქართველო
III ტური | 11 ოქტომბერი, 2024
უკრაინა-საქართველო
IV ტური | 14 ოქტომბერი, 2024
საქართველო – ალბანეთი
V ტური | 16 ნოემბერი, 2024
საქართველო – უკრაინა
VI ტური | 19 ნოემბერი, 2024
ჩეხეთი – საქართველო
A და B ლიგის ბოლოადგილოსნები ავტომატურად დაქვეითდებიან შესაბამის დივიზიონებში, ხოლო B, C და D ლიგების გამარჯვებულები ავტომატურად აღზევდებიან შესაბამის დონეზე.
C ლიგის ოთხი ჯგუფიდან ორი ბოლოადგილოსანი (ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით) D დივიზიონში დაქვეითდება.
სიახლეა მეორე-მესამეადგილოსნებთან დაკავშირებით. მე-3 ადგილზე გასვლა აღარ არის გარანტია, რომ გუნდი არ დაქვეითდება. A ლიგის მესამეადგილოსნები B ლიგის მეორეადგილოსნებს დარჩენა/აღზევების ორმატჩიან (შინ და გარეთ) პლეი-ოფში ითამაშებენ. იმავე სახის თამაშები იქნება B ლიგის მესამეადგილოსნებსა და C ლიგის მეორეადგილოსნებს შორის. ასევე პლეი-ოფი იქნება C ლიგის ორ საუკეთესო ბოლოადგილოსანსა და D ლიგის მეორეადგილოსნებს შორის.
ეს სიახლე მარტში იმ ნაკრებების რაოდენობას გაზრდის, რომელთაც პლეი-ოფი ექნებათ სათამაშო, შესაბამისად, ისინი ვერ დაიწყებენ მუნდიალი 2026-ის შესარჩევ ციკლს. დანარჩენები კი საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვეულებრივად დაიწყებენ.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის ევროპაში 12 საკვალიფიკაციო ჯგუფი იქნება. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულები მუნდიალის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები და ერთა ლიგის 4 საუკეთესო ნაკრები (რომელთაც არ ექნებათ განაღდებული მუნდიალის საგზური) პლეი-ოფში (ერთმატჩიანი ნახევარფინალი, ერთმატჩიანი ფინალი) მსოფლიო პირველობის ბოლო 4 საგზურის მფლობელს გამოავლენენ.
ლაშა თაბაგარი