დიეგო კოსტა „გრემიოსთვის“ შეუტევს

0
91

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დიეგო კოსტა ბრაზილიის „გრემიოში“ ითამაშებს. მას „ბოტაფოგოსთან“ კონტრაქტი 1 იანვარს ამოეწურა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გასულ სეზონში „ბოტაფოგოს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 15 მატჩში დიეგო კოსტამ 3 გოლი გაიტანა.
მან კარიერის საუკეთესო პერიოდი მადრიდის „ატლეტიკოში“ და ლონდონისს „ჩელსიში“ გაატარა. წარმოშობით ბრაზილიელმა, მაგრამ ესპანეთის პასპორტის მქონე ფეხბურთელმა „ატლეტიკოში“ ჩატარებულ 216 მატჩში 83 გოლი გაიტანა, ხოლო „ჩელსიში“ 120 შეხვედრაში თავი 59-ჯერ გამოიჩინა.
დიეგო კოსტამ „ატლეტიკოსთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ მოიგო, ერთხელ ესპანეთის თასს დაეუფლა, ერთხელ უეფას ევროპა ლიგაში გაიმარჯვა, ხოლო ევროპის სუპერთასი 3-ჯერ აღმართა.
მან „ჩელსის“ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგაში ოქროს მედლები ორჯერ მოიპოვა, ერთხელ კი, ინგლისის ლიგის თასზე გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი