“უოტფორდმა” “გენტისგან” ჩაკვეტაძის ტრანსფერი გამოისყიდა

0
63

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონშიფში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
29-ე ტურში „უოტფორდი“ გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ „შეფილდ უენსდეის“ შეხვდა და გუნდები უგოლოდ გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე 85 წუთი დაჰყო, რის შემდეგ შეცვალეს.
ჩაკვეტაძემ, რომელიც შარშან ზაფხულში ბელგიის „გენტმა“ „უოტფორდში“ გაანათხოვრა,  მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფში 23 მატჩი (7 სასტარტოში) ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
P.S. ბოლო ინფორმაციით “უოტფორდმა” ბელგიელებისგან ჩაკვეტაძის ტრანსფერი 2,5 მილიონ ევროდ გამოისყიდა და დღეიდან გიორგი ლონდონის კლუბის საკუთრებაა. ჩაკვეტაძემ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კლუბის პრესსამსახურმა ქართველი ფეხბურთელის კომენტარიც გამოაქვეყნა:
„ხელშეკრულების გაფორმებით მოხარული და ბედნიერი ვარ. თანდათან ყველაფერს შევეგუე – თანაგუნდელებს, პერსონალს და ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივრებს. მოხარული ვარ, რომ „უოტფორდის“ ნაწილი გავხდი. ყველაფერი მომწონს – საქმისადმი მიდგომა, პროფესიონალიზმი, ფანტასტიკური გარემოა განვითარებისთვის.
საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში გადასვლა, შესაძლოა, არაკომფორტული იყოს, მაგრამ აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. წინ დიდი გამოწვევებია, რომლებსაც ყველა ერთად გადავლახავთ. რა თქმა უნდა, მიზანი ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაა, ეს ყველას გვინდა – მოთამაშეებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს.
მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივარ და მიხარია, რომ „უოტფორდსაც“ იგივე მენტალიტეტი აქვს. ყოველთვის ვცდილობთ დადებითი შედეგის მიღწევას. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მაქსიმალური მოთხოვნები დავუსახოთ, შემდეგ კი ძალისხმევა არ დავიშუროთ მათ მისაღწევად. მადლობა „უოტფორდის“ გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და მადლიერებისთვის. პირველივე თამაშის შემდეგ მათგან დიდი სიყვარული ვიგრძენი, რაც სიმშვიდეს და თავდაჯერებას მმატებს.მინდა, ერთად აღვნიშნოთ ბევრი გამარჯვება და ქომაგები გავახაროთ, „უოტფორდი“ ერთი დიდი ოჯახია. წარმატებისთვის ასეთი გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია“,

ლაშა თაბაგარი