შოთა ხინჩაგაშვილი – ოთხი ფინალის მონაწილე

0
80

თბილისის „დინამოს“ უმდიდრეს საფეხბურთო ისტორიაში შოთა ხინჩაგაშვილი ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ხინჩაგაშვილი გუნდის ღირსებას 1970–82 წლებში იცავდა და ქართველი გულშემატკივარი ვერ იხსენებს ეპიზოდს, რომლის დროსაც დინამოელთა უკანახაზელს შეცდომა დაეშვას. შოთა ხინჩაგაშვილი შესაშური სტაბილურობით გამოირჩეოდა, შეუვალ კლდესავით იცავდა ქართული საფეხბურთო საკლუბო ფლაგმანის საჯარიმო მოედნისა თუ კარის მისადგომებს და მაღალი კლასის ფორვარდთა განეიტრალებას მუდმივად ახერხებდა.
შოთა ხინჩაგაშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 350 მატჩი ჩაატარა და მოხვეჭილ ტიტულთა ხარისხითა და რაოდენობით მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია. დინამოელთა უკანახაზელმა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი, საბჭოთა კავშირის პირველობა, ოჯერ საკავშირო თასი მოიგო, მოპოვებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის და ოთხჯერ ბრინჯაოს მედალი. ხინჩაგაშვილი „დინამოს“ ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც საკავშირო თასის ოთხ ფინალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გამოსაყოფია დინამოელთა დაცვის ცენტრში ალექსანდრე ჩივაძისა და შოთა ხინჩაგაშვილის ტანდემი. რამდენიმე სეზონის განმავლობაში ამ დიდოსტატთა დუეტს სავსებით სამართლიანად მიიჩნევდნენ ერთ–ერთ საუკეთესოდ არამარტო საბჭოთა ფეხბურთში, არამედ ევროპის მასშტაბითაც.
შოთა ხინჩაგაშვილმა უდიდესი როლი შეასრულა თბილისის „დინამოს“ მიერ თასების თასის დაუფლებაში, თუმცა 1981 წლის 13 მაისს მას დიუსელდორფის „რაინშტადიონის“ ფინალურ შეხვედრაში არ უთამაშია. ამის მიზეზი როტერდამის „ფეიენოორდთან“ საპასუხო ნახევარფინალში ავსტრიელი არბიტრის ვიორერის მეტად ტენდენციური მსაჯობა გახლდათ. მან არაერთ ეპიზოდში მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, თბილისელთა წესის დაცვით გატანილი გოლები გააუქმა, ხინჩაგაშვილს კი დაუმსახურებლად ყვითელი ბარათი უჩვენა…
დისკვალიფიკაციის გამო შოთა ხინჩაგაშვილი დიუსელდორფში არ წაიყვანეს, არადა გუნდის წამყვან ფეხბურთელს პარტნიორებთან ერთად ყოფნა ნამდვილად ეკუთვნოდა.
შოთა ხინჩაგაშვილმა საფეხბურთო კარიერა 1982 წლის სექტემბერში დაასრულა. უეფას თასზე ნეაპოლის „ნაპოლისთან“ მატჩის დროს მან ტრავმა მიიღო, შეცვალეს და მას შემდეგ მინდორზე აღარ გასულა. იტალიელებთან ასპარეზობის შემდეგ გულშემატკივრებმა დანანებით აღნიშნეს, შოთას შეხვედრის ბოლომდე რომ ეთამაშა, ნეაპოლელთა არგენტინელ შემტევ რამონ დიასს გოლს არ გაატანინებდაო…

ATIANI.GE შოთა ხინჩაგაშვილს დაბადების დღეს საუკეთესო სურვილებით ულოცავს

გოჩა კაჭარავა