ჩეხეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა – მწვრთნელი წავიდა

0
84

მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, იაროსლვა შილგავიმ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
62 წლის სპეციალისტმა ამის შესახებ შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში შინ მოლდოვასთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა და იმ სიხარულის მიუხედავად რაც ამ მოვლენამ მოგვანიჭა, მე სამწვრთნელო შტაბთან ერთად თამაშამდე გადავწყვიტე, რომ ნაკრებში მუშაობას აღარ გავაგრძელებდით. ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო. წარმატებულად ვიმუშავე თუ არა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. ვფიქრობ, კარგი სამუშაო შევასრულეთ. განვლილი ხუთ წელს თუ შევაფასებთ სასირცხვილო არაფერი გვაქვს. გერმანიაში აუცილებლად წავალ, რომ ბიჭებს მხარი გულშემატკივრის რანგში დავუჭირო“ – განაცხადა შილგავიმ, რომელიც გუნდს 2018 წლიდან ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი