ბათუმელებმა ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს

0
17

ბათუმის “დინამომ” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოგებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს. 32-ე ტურის პირველი სათამაშო დღეს უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა ერთ-ერთი აუტსადერი “გაგრა” მიიღო და გამარჯვება არ გაჭირვებია.
მასპინძლები მატჩის მე-7 წუთზე პაატა ღუდუააურმა დააწინაურა, რომელმაც ირაკლი ბიძინაშვილის პასი გამოიყენა. 71-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ცოტნე ფაცაციამ მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა და თავისი დაწყებული შეტევა დაახლოებით 26 მეტრიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა.
86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი გაგრელმა გიორგი პაპავამ წააქცია და მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა. ფლამარიონმა თერთმეტმეტრიანი თავად შეასრულა და უკრაინელმა გოლკიპერმა ოლექსანდრ ვორობეიმ მოიგერია.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ფაცაციამ თავით კარგი პასი გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში ფლამარიონს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში თავისი მე-16 გოლი გაიტანა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გიორგი წიტაიშვილი აკრძალული ხერხით ნემსაძემ შეაჩერა. არბიტრმა პენალტი დადო, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წესის დარღვევა საჯარიმოს გარეთა იყო და ამის გამო, გადაწყვეტილება შეცვალა – თერთმეტმეტრიანი გააუქმა, ხოლო ნემსაძე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გაააძევა.
შეხვედრის ბოლო წუთზე წიტაიშვილს ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
ბათუმელებს 70 ქულა აქვთ დ პირველ ადგილზე არიან – 12 ქულით ასწრებენ თბილისის “დინამოს”, რომელიც ხვალ “თელავს” უმასპინძლებს. გიორგი ონიანის თავკაცობით “გაგრამ” 29 ქულა დააგროვა და მერვეა.
ლაშა თაბაგარი