თამაზ მაქაცარიამ „ჟენისის“ შემადგენლობაში ყაზახეთის რანგით მეორე ლიგის ბოლო ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა.
„ჟენისმა“ „აკადემია“ მიიღო და ქართველმა თავდამსხმელმა თავი მე-6, მე-18 და 56-ე წუთზე გამოიჩინა. ის 61-ე წუთზე შეცვალეს. მაქაცარია „ჟენისს“ ივლისში შეუერთდა და 14 შეხვედრაში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.
„ჟენისში“ შეუცვლელად ითამაშა მცველმა ლაშა კასრაძემ, რომელმაც მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ყაზახეთში სეზონი გოლით დაასრულა ბექა ქავთარაძემ, რომელმაც „ელიმაის“ შემადგენლობაში თავისი მე-19 გოლი „აკჟაიკთან“ 2:1 მოგებულ საშინაო შეხვედრაში გაიტანა. ქავთარაძემ მასპინძლები 69-ე წუთზე დააწინაურა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. მან განვლილ სეზონში 19 ბურთის გატანის გარდა 7 საგოლე პასი მიითვალა. „ელიმაიც“ მომავალ სეზონში პრემიერლიგაში იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი





