იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „მილანს“ უმასპინძლა და დაძაბულ ორთაბრძოლაში ქულა გადაარჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელ;იამ შეუცვლელად ითამაშა და მატჩის მიწურულს თავისი გუნდისთვის სამი ქულის მოტანაც შეეძლო.
შეხვედრის პირველი ტაიმი ნეაპოლელებისთვის ძალიან არასასურველი სცენარით წარიმართა. 22-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან პულიშიჩმა ბურთი მასპინძლების საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მცველების პოზიციური შეცდომით ოლივიე ჟირუმ ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მილანელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი კვარაცხელიამ დავიდე კალაბრიას გაცდა და ძალიან კარგი გადაცემა პოლიტანოს გაუკეთა, რომელმაც ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა.
31-ე წუთზე იმავე ფლანგიდან საჯარიმოში პასი უკვე კალაბრიამ გააკეთა და ჟირუმ „ნაპოლის“ ცენტრალურ მცველ რაჰმანის აჯობა, რის შემდეგ ისევ თავით გაიტანა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ შესვენებაზე რაჰმანი შეცვალა, რომელიც ძალიან ცუდად თამაშობდა. მის ნაცვლად მოედანზე ნორვეგიის ნაკრების ცენტრალური მცველი ოსტეგორი შევიდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში პოლიტანომ „მილანის“ საჯარიმოში ბურთი თავს ზემოთ ერთ ფეხბურთელს გადაუგდო, შემდეგ მეირეს გაცდა და „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა – 1:2.
63-ე წუთზე რასპადორიმ საჯარიმო დარტყმა ძალიან ოსტატურად შეასრულა და ანაგრიში გაათანაბრა – 2:2.
89-ე წუთზე „ნაპოლის“ ცენტრალურმა მცველმა ნათანმა მეორე ყვითელი ბარაათი მიიღო და გააძევეს.
მატჩის ბოლო წუთზე კვარაცხელია სტუმართა საჯარიმოში კალაბრიას გაექცა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ მენიანი ბურთს მიწვდა და „მილანის“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
„ნაპოლი“ 18 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




