ქუთაისის „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აღზევდა. შოტლნდიელი სტივ კინის გუნდმა ეს 31-ე ტურის ბოლო შეხვედრაში თბილისში „გაგრასთან“ მინიმალური სხვაობით გამარჯვებით მოახერხა.
შეხვედრის 27-ე წუთზე ანგარიში საბა მამაცაშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მეტოქეს საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გიორგი მჭედლიშვილმა პასი სერბ ნიკოლა ნინკოვიჩს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
65-ე წუთზე ნინკოვიჩის გადაცემის მერე კამერუნელმა ფრანსუა ეკონგოლომ საჯარიმოს ხაზიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ტორპედომ“ თავი 51 ქულას მოუყარა.
გიორგი ონიანის თავკაცობით „გაგრამ“ 29 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
გაგრა 1:2 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





