ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გრაცის „შტურმ“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის შინ ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში ქულა გადაარჩინა.
მატჩის მე-13 წუთზე კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ პრასმა დაარტყა და ბურთი რაფაელ ტოლოის ფეხიდან ბერგამოელთა კარში აღმოჩნდა.
ტაიმის შუაწელში კიტეიშვილის გადაცემა კარიდან წინ გამოსლმა მუსომ ჩაჭრა და ბურთი ისევ ქართველ ფეხბურთელს მიუვიდა, რომელიც თითქმის ცენტრიდან თავური დარტყმით გატანას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ.
34-ე წუთზე „ატალამტას“ კოლუმბიელი ფორვარდი მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთან ერთ მცველს გაცდა და ზუსტად დაარტყა – 1:1.
შეხვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ მარჯვენა ფლანგიდან „ატალანტას“ ფეხბურთელმა გრაცელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთი ხელში სტანკოვიჩს მოხვდა და მსაჯმა რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც მურიელმა გაიტანა.
53-ე წუთზე „შტურმი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან გუნდის კაპიტანმა ჰაირლენდერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 62-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი შეცვალეს.
79-ე წუთზე ავსტრიელებმა აუტი ჩააწოდეს და სეიად კოლაშინაცმა თავის საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, ხოლო არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც გოლად ჰორვატმა აქცია.
გრაცელებს 4 ქულა აქვთ და D ჯგუფში მესამე ადგილზეა. ლიდერი 7 ქულით „ატალანტაა“, ხოლო მეორე პოზიციაზე ლისაბონის „სპორტინგია“, რომელმაც შინ პოლონეთის „რაკუვს“ ვერ მოუგო – 1:1.
„შტურმი“ ევროპა ლიგაში მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





