საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო. ნიდერლანდებთან 0;3 წაგების მერე, რამაზ სვანაძის გაწვრთნილები ბათუმში შვედ თანატოლებს შეხვდნენ და გუნდები გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.
მასპინძლებმა სკანდინავიელებს თავიდანვე მაღალი პრესინგი და დაცვაში კომპაქტური თამაში შესთავაზეს, რის ხარჯზეც ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს.მე-7 წუთზე კვერნაძემ შვედების საჯარიმოში ბურთი ისე მიიღო, რომ ვიდელი იოლად ჩამოცილა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დაარტყა – დოვინმა ბურთი მოიგერია.
ტაიმის შუაწელში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა გაგნიძემ ერთი მეტოქი ჩამოიცილა და კარგი პასი მისცა კართან ახლოს მდგომ ოდიშარიას, რომელსაც ფეხი რომ არ დაცდენოდა, ანგარიში გახსნის შანსი ჰქონდა.
შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ შვედი ფეხბურთელი მასპინძლების საჯარიმოსი მარცხნიდან ბურთიანად შევიდა და დაბალ კუთხეში არაზუსტად დაარტყა, ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში შვედების ნახევარზე მაისსურაძე მოწინააღმდეგესს ფეხებში ჩაუვარდა და პასი კვერნაძის მისამართით გამოუვიდა, რომელიც საჯარიმოში ერთ მეურვეს გაექცა, რასაც შორეულ კუთხეში დარტყმა მიაყოლა – დოვინმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში შვედები გააქტიურდნენ და მცირე ხნის განმავლობაში უპირატესობა ხელთ იქგდე, მაგრამ სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს. სვანაძის შეგირდებმა უპირატესობა მალე დაიბრუნეს და სკანდინავიელების კარს რამდენიმეჯერ დაემუქრნენ, მაგრამ დოვინი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მან ერთწუთიან მონაკვეთში ჯერ ოთარ მამაგეიშვილის საჯარიმოს გარედან დარტყმული მოიგერია, ხოლო შემდეგ საჯარიმოში მყოფ სიგუას არ გაატანინა. ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს ძმებმა მამაგეიშვილებმა – გიზო პასის მერე ოთარმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და კარს აახილა. ისიც სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა 13 დარტყმიდან ბურთი კარის ჩარჩოში 10-ჯერ მოახვედრეს, თუმცა დოვინს ვერცერთხელ აჯობეს.
21-წლამდელების მეორე თამაშს შვედეთთან მატჩში გაცილებით ნაკლები გულშემატკივარი დაესწრო, ვიდრე ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში. არადა, ეს ბიჭები მეტ მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებენ.
საქართველოს ნაკრები 7 ქულით C ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ამდენივე ქულითშვედეთი მეორეა, ხოლო ჯგუფის ლიდერი 12 ქულით ნიდერლანდებია.
საქართველო – შვედეთი 0:0
17 ოქტომბერი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო: ხარატიშვილი, ოდიშარია (გიზო მამაგეიშვილი, 65), მაისურაძე, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი (კ), მამაცაშვილი, სიგუა, გაგნიძე, ლომინაძე, ოთარ მამაგეიშვილი, კვერნაძე (ალთუნაშვილი, 85).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
შვედეთი: დოვინი, მენდესი, ვიდელი, ტოლინსონი (სმაილოვიჩი, 75), სვენსონი, აუარი, გიგოვიჩი, როზენგრენი, ლაჰდო (ნოა პერსონი, 83), ვილჰელმსონი (ვოელკერლინგ პერსონი, 61), სვედბერგი (ქასემი, 61).
მთავარი მწვრთნელი: დანიელ ბაქსტრიომი.
გაფრთხილება: სმაილოვიჩი (80), ლომინაძე (82), აბუაშვილი (90+3)
მთავარი მსაჯი: მიშელ ფაბრი (იტალია)
ლაშა თაბაგარი





