საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ხვალ, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩს, ჯგუფის ლიდერ – ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.
დღეს, მასპინძელ სტადიონზე 21-წლამდელებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ უპასუხა.
რამაზ სვანაძე: “ვფიქრობ, რომ გუნდში განწყობა ძალიან კარგია, პოზიტიურია და ვეცდებით, რომ ხვალ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ. ამ თამაშებს ჩვენ განვიხილავთ, როგორც შანსს იმ ბიჭებისთვის, რომლებიც რეალურად ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს დიდ ფეხბურთში – ეს მათთვის და ასევე ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ვიცი ჩემი გუნდის ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ვინც მინდორზე გამოვა, ვინც თადარიგში იქნება, ან საერთოდ განაცხადში ვერ მოხვდება – მიზანი ყველას მხოლოდ ერთი ექნება, რომ რაც შეიძლება დადებითად და წარმატებულად დავამთავროთ ხვალინდელი შეხვედრა”.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).
ბათუმში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.





