სოსიაშვილის სადებიუტო მატჩში განადგურდა – შერგელაშვილის საუცხოო გოლი

0
54

თბილისის „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილის დებიუტი უიღბლო აღმოჩნდა. 28-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს, საბურთალოელები ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის ფაქტობრივად ცარიელ სტადიონზე „ტორპედოს“ შეხვდნენ და დიდი ანგარიშით წააგეს.
მატჩის 25-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ლაზარე კუპატაძეს მარცხენა „ცხრიანში“ გაუტანა. შერგელაშვილი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელია და ეს გოლი სეზონში საუკეთესოდ რომ აღიარონ გასაკვირი არ იქნება.
29-ე წუთზე თავისი ნახევრის მარჯვენა ფლანგზე მყოფმა ლევან ნონიკაშვილმა ძალიან ცუდად დაუბრუნა ბურთი მეკარეს და პასი გამოუვიდა გიორგი არაბიძის მისამართით, რომელმაც ჯერ გვერდი აუარა კუპატაძეს, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 2:0.
36-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ სტუმართა საჯარიმოს სიახლოვეს ბურთისთვის ბრძოლაში გიორგი ჯგერენაიას დაასწრო, რომელმაც ქუთაისელთა გარემარბი წააქცია და მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ თბილისელთა კაპიტანს ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი აჩვენა. საჯარიმო ამჯერად არაბიძემ შეასრულა და მისი სახიფათოდ დარტყმული ბურთი კარს ოდნავ აცდა.
43-ე წუთზე არაბიძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა, ხოლო ბუღრიძემ „საბურთალოს“ საჯარიმოში მეურვეს დაასწრო და თავით ეფექტური გოლი გაიტანა – 3:0.
შეხვედრის 55-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილი თავის საჯარიმოში ირაკლი ბუღრიძეს ეუხეშა და ხორავამ რეფერის ვიდეოასისტენტთან ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად არაბიძემ აქცია.
67-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილი გადაცემის მერე, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა იური ტაბატაძემ ერთი შეხებით დაარტყა და „ტორპედოს“ სერბმა მეკარე კლიაიჩმა ბურთი ფეხით მოიგერია.
78-ე წუთზე ტაბატაძემ ქუსლით ოსტატურად გაისწორა ბურთი მონტეიროსთან ორთაბრძოლის დროს, რომელიც საჯარიმოში ცრუ მოძრაობით მოატყუა და მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე „საბურთალოს“ საჯარიმოს სიახლოვეს შოთა ნონიკაშვილს ბურთი სერბმა მილოშ ნინკოვიჩმა აართვა და საჯარიმოში შესულმა საქართველოს ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
„საბურთალო“ მარცხის მიუხედავად 45 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა, ხოლო შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი „ტორპედო“ 42 ქულით მეექვსეა.
ტორპედო 5:0 საბურთალო
ლაშა თაბაგარი