იშვიათია ადამიანია, რომელიც ვიქტორ სანეევის მსგავსად, თავის სახელს ასე ამართლებდეს. საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი მართლაც სპორტულ სარბიელზე გამარჯვებისთვისაა დაბადებული. იგი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში გადიოდა სამმაგი ხტომის ბილიკზე და კარიერა პრაქტიკულად დაუმარცხებელმა დაასრულა.
სამი ოლიმპიადის გამარჯვებულისა და მეოთხეს უგვირგვინო ჩემპიონის, ევროპის პირველობების შვიდგზის მომგების, მსოფლიო რეკორდსმენის ვიქტორ სანეევის სპორტული გზა მშობლიურ სოხუმში დაიწყო. თავისი პირველი ოლიმპიადის, 1968 წლის მეხიკოს თამაშების სამხტომელთა ბილიკზე განვითარებულ მოვლენებს ასე იხსენებდა: „საასპარეზოდ ისე გავედი, თითქოს სარაიონო პირველობაზე გამოვდიოდი და… ტაბლოზე საუკეთესო შედეგი, 17 მეტრი და 23 სანტიმეტრი აკიაფდა. თუმცა, მთავარი მოვლენები შემდეგ მოხდა. ბრაზილიელი ნელსონ პრუდენსიო ბედს არ შეურიგდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ჩემი შედეგი ოთხი სანტიმეტრით გააუმჯობესა. ბოლო ცდა დამრჩა. პრუდენსიო გამარჯვებას ზეიმობს. უცნაური გრძნობა დამეუფლა. არც ტრიბუნების და არც მწვრთნელების არ მესმის. ფეხები ზამბარასავით დაჭიმული მაქვს. გარბენისას თანდათან ტემპს ვუმატე და გადავხტი. ორმოდან წამოდგომისას მივხვდი, რომ ბრაზილიელის შედეგი გავაუმჯობესე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ 17 მეტრსა და 39 სანტიმეტრზე გადავხტებოდი. ტუჩები დამისკდა, ჩემპიონობის გრძნობა კი მოგვიანებით დამეუფლა და ასეთი სულიერი განცდა მომდევნო ოლიმპიადების მოგების შემდეგ არ მქონია“.
ბატონ ვიქტორს არაერთხელ უთქვამს, უპირველესად რის ხარჯზე ახერხებდა მეტოქეთა ძლევას – ოპონენტებთან შედარებით ფსიქოლოგიურად ძლიერი ვიყავიო. ამასთან, სანეევის ტრიუმფები მის მიერ გაწეულმა ტიტანურმა შრომამ და მაღალმა ინტელექტმაც განაპირობა.
სანეევს ბადალი არ ჰყავდა მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიადებზეც. მოსკოვის ოლიმპიადის დაწყებამდე ვიქტორს თბილისიდან საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში გადასვლა შესთავაზეს და მიანიშნეს, ამ შემთხვევაში მეოთხე ოლიმპიადასაც მოიგებო. სანეევი ჩინოვნიკების ნებას არ დაჰყვა და ჩემპიონობა ესტონელ უუდმიაეს მოაგებინეს, რომელსაც ერთ–ერთ ცდაზე რამდენიმე სანტიმეტრი მიუმატეს.
პრიზიორთა დაჯილდოებისას კი დაუვიწყარი რამ მოხდა. როდესაც სამეული კვარცხლბეკზე ავიდა, მესამე პრიზიორმა, ბრაზილიელმა ჟოაო ოლივეირამ მილიონობით ტელემაყურებელს და ბალტიისპირელ მძლეოსანს მიანიშნა, ჭეშმარიტი ჩემპიონი ვიქტორ სანეევიაო!
ვიქტორ სანეევი 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურ ატაშედ იყო წარმოდგენილი, გასული საუკუნის 90–იან წლებში საცხოვრებლად ავსტრალიაში გადაბარგებული ლეგენდარული სპორტსმენი კი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი სამშობლო საქართველოა.
დღეს ვიქტორ სანეევს 78 წელი შეუსრულდებოდა…
გოჩა კაჭარავა