„საბურთალომ“ ზედიზედ მეორედ წააგო – დარჩება თეთრაძე?

0
61

თბილისის „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ წააგო. 26-ე ტურში ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა, როდესაც მარცხენა გლანგიდან „თელავის“ ჰაიტელმა ლეგიონერმა ჟონელ დეზირემ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მასპინძლების კაპიტანმა გიორგი ჯგერენაიამ ხელით ითამაშა, ხოლო მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ირაკლი რუხაძემ გამოიყენა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და საბურთალოელები ისევ უქულოდ დარჩნენ.
ამ შედეგიდან გამომდინარე გამორიცხული არაა ომარ თეთრაძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს. მითუმეტეს, წინ ტურში სტუმრად წყალტუბოს „სამგურალთან“ 0:1 წაგების მერე, კლუბის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გასახდელში შევიდა და შედეგით უკმაყოფილოს ფეხბურთელებთან ხმამაღალი საუბარი ჰქონდა.
წაგების მიუხედავად, „საბურთალო“ 44 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 27 ქულით მე-7 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით დაშორდა.
საბურთალო 0:1 თელავი 

გორელებმა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და მეოთხე ადგილზე გადავიდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ვანდერსონმა უძლიერესი დარტყმით გაიტანა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში მიშიკო სარდალიშვილმა თავით დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს – 2:0. სარდალიშვილისთვის ეს მეცხრე გოლია სეზონში, აქედან ექვსი შუქურაში მიითვალა. დილამ ორი ქულით გაუსწრო სამგურალს.
დილა 2:0 სამგურალი

ლაშა თაბაგარი