კანკავას და კაშიას წარმატებული სტარტი კონფერენს ლიგაში

0
59

ბრატისლავას „სლოვანისთვის“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა A ჯგუფის პირველ ტურში ფარერების „კლაკსვიკს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.
საყრდენმა ნახევარმცველმა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კაშია მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 49-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში პავლოვიჩმა გახსნა, ხოლო  54-ე წუთზე ჩავრიჩის გადაცემის მერე უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 74-ე წუთზე ჩავრიჩმა ფარერელთა კარი აიღო და საბოლოოდ თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
„სლოვანი“ მომდევნო შეხვედრას სტუმრად სლოვენიის „ოლიმპიასთან“ ჩაატარებს, რომელმაც პირველ ტურში გასვლაზე ფრანგულ „ლილთან“ 0:2 წააგო.
ლაშა თაბაგარი