ავთანდილ ასათიანი: “მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრი ჯერ ნაადრევია”

0
3

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ავთანდილ ასათიანის აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. მან ამის შესახებ საკვალიფიკაციო ციკლის ელიტ რაუნდში E ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში თნილისში სომხეთთან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
ავთანდილ ასათიანი: “სომხეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რაც მოედანზეც დადასტურა. რეალისტები უნდა ვიყოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. დღევანდელი გამარჯვება ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ამ გზაზე.
წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ. ხუთ დღეში პორტუგალიასთან გველის რთული თამაში და ბევრი უნდა ვიშრომოთ. თუ მომავალშიც ამდენი მაყურებელი ივლის ჩვენს თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ყველას ერთად დავამარცხებთ.
ასეთი ამაყი, როგორიც დღეს ვარ, შეიძლება არასდროს ვიყო. ჩემს გუნდს ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი საჩუქარი გამიკეთეს. 100 თამაში იყო შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ამაზე დიდი პატივი მე არ ვიცი, რა უნდა იყოს. ბედნიერი ვარ, თუ პატარა აგური მაინც მაქვს დადებული ჩემი ქვეყნისთვის.
საქართველოს ნაკრები ევროპაში მეცხრე ადგილზეა, რაც ძალიან საამაყოა. მარტო დღევანდელი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, შემდეგ შესარჩევებზე ეს ძალიან დიდ შვებას მოგვცემს. ბევრად უფრო უკეთეს კალათაში ვიქნებით, რაც ალბათობაა იმის, რომ შედარებით სუსტი ნაკრები შეგვხვდეს. ეს შედეგი გუნდურობის დამსახურებაა, ერთი მეორის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ”.
ირაკლი თოდუა (საქართველოს ნაკრების წევრი): “სომხეთის ნაკრები ძლიერი გუნდია. დაიმატეს ლეგიონერები და საკმაოდ თანაბარი თამაში გამოვიდა. სამი ქულა ავიღეთ და გეგმა შევასრულეთ. ახლა უკვე პორტუგალიაში გასამართ თამაშზე ვფიქრობთ. მოხარულები ვართ დღეს მოპოვებული გამარჯვებით, თუმცა გზა გრძელდება და ვეცდებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ”.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს სტუმრად ჯგუფის უდავო ლიდერ და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან ჩაატარებს. ჩვენს ჯგუფშია ასევე ფინეთის ეროვნული გუნდი.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, პლეი-ოფში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას.
ლაშა თაბაგარი