ოფიციალურად: ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან დაითხოვეს

0
35

atiani.ge-ს ჟურნალისტი გოჩა კაჭარავა, რომელიც ოკინავაში კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ფიბას მიერ აკრედიტირებული იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ ექსკლუზიურად იუწყებოდა, რომ ილიას ზუროსი ჩვენ გუნდს აღარ გაწვრთნიდა. ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ თავის ვებგევრდზე დაადასტურა:
“მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა.  ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მის ყველაზე მაღალ საფეხურზე ემშვიდობება, რომელზეც მისი დიდი დამსახურებით ავიდა და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე B-დან A დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა.
ზუროსმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი იგორ კოკოშკოვისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ 7 წელი ხელმძღვანელობდა ჩვენს გუნდს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომავალი ევროპის ჩემპიონი, სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა.  ილიას ზუროსმა სადებიუტო სეზონშივე დაატყო ჩვენს ნაკრებს ხელი, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტზე იმ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ვადაზე ადრე გიყვანა, რომელშიც მეტოქედ მონტენეგრო ჰყავდა. ქართველებმა მონტენეგროს გადამწყვეტი და დრამატული მატჩი სტუმრად მოუგეს.
ვიქტორ სანიკიძე პირადად და კალათბურთის ფედერაციის სახელით უღრმეს მადლობას ეუბნება ილიას ზუროსს იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ეროვნულ გუნდში 7 წლის მუშაობის მანძილზე გასწია.
ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს”.
ცნობისთვის, საქართველოსთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ 2 ქართველი ჟურნალისტი აშუქებდა და ერთ-ერთი სწორედ გოჩა კაჭარავა იყო.