რამაზ სვანაძე: “მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ”

0
2

რამაზ სვანაძე საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. მან ამის შესახებ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მეორე მატჩში სტუმრად მოლდოვასთან ჯადული იობაშვილის გატანილო გოლის წყალობით 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო. ამიტომ სასიხარულოა, რომ გამარჯვება მოვახერხეთ. რაც შეეხება შეხვედრას – იყო კარგი ეპიზოდები, ასევე მომენტები, რომელიც ცოტა არეულად ჩავატარეთ, მაგრამ ეს ბუნებრივია.
სექტემბრის თამაშებამდე 21-წლამდელების ახალი თაობის პირველი შეკრება იყო, სადაც ფეხბურთელები ეცნობიან ჩვენს ფილოსოფიას და რას ვითხოვთ მათგან. ჩვენ კი მოთამაშეებს ვეცნობით.
ამ ორ თამაშს ამ კუთხით თუ განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლში 6 ქულით ვბრუნდებით. სატურნირო კუთხიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან დროსთან ერთად, გუნდი უკეთ შეთამაშდება. არის სერიოზული რესურსი და ვეცდებით, ეს პოტენციალი ისე გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტებს სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ“.
ჯადული იობაშვილი: “რთული თამაში გამოვიდა, რასაც ნამდვილად ველოდებოდით, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება ჩემს გოლს, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან 21-წლამდელებში პირველად გავიტანე. ყველა გოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოს ნაკრების მაისურით გატანილზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. ბევრი მომენტი გვქონდა, ბევრიც ვერ გავიტანეთ, მაგრამ ბოლოს მიზანს მაინც მივაღწიეთ. ჩემი აზრით, ამ შედეგს ვიმსახურებდით“.
ოთარ მამაგეიშვილი: „ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო და ამიტომ ყველაზე მთავარი შედეგი გახლდათ, საქართველოში კი ჩვენ 6 ქულით ვბრუნდებით. ახალი დაკომპლექტებული გუნდი ვართ და ვფიქრობ, მინიმალური მიზანი შევასრულეთ. რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრია, მაგრამ ამას შემდეგ თამაშებში შევეცდებით. ჩემი აზრით, მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ. თუმცა, გასვლაზე ვთამაშობდით, მოლდოვა სუსტი არ არის და წნეხიც დიდი იყო. მთავარია, რომ მიზანს მივაღწიეთ“.