შოთა არველაძე: “წარმოუდგენელია ამ ემოციამ და ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს”

0
30

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თბილისში ესპანეთთან 1:7 განადგურებას თავის ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა:
“მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია, ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ, იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ. “დინამო არენაზე” მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშს და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან.
რომ ვიხსენებ, ამ კუთხით რა გამოგვივლია წლების მანძილზე, როგორ მოქმედებდა არარეალური მოლოდინები და განწყობები შედეგებზე, ვფიქრობ წარმოუდგენლად წინ წავედით. ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს და ყველაზე თვალშისაცემი იყო, როცა ფეხბურთელებმა მინდორი ტაშის ფონზე დატოვეს.
განსაკუთრებით ახალი თაობის გულშემატკივარი დაეწია ახალი თაობის წარმატებულ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, ამიტომ წარმოუდგენელია ამ ემოციამ და ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს. ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ. კი, ორივეზე გავბრაზებულვართ, იუმორიც ჩვენი საქმეა და მწარე სიტყვაც კარგად გვეხერხება, მაგრამ ამ ყველაფერმა მთავარი მიზანი არ უნდა დაგვავიწყოს.
შედეგს არც ოსლოში ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ, თუ ხასიათს არ გამოვავლენთ. ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის მხოლოდ ამის დანახვაც საკმარისი იქნება.
P.S. ისე ვიქცევით სტადიონზე, დიდებიც და პატარებიც, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ”.