იური სიომინი: „ბარსელონა“ ხვიჩას გუნდია“

0
1

რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ იური სიომინს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო დონე „ბარსელონასას“ შეესაბამება. მან ამის შესახებ championat.com-თან კომენტარი მას მერე გააკეთა, რაც ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები მომავალი წლის ზაფხულში „ნაპოლიდან“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის შეძენას გეგმავენ.
„ჩემი აზრით, ხვიჩა თავის სათამაშო სტილით „ბარსელონას“ მიესადაგება. ეს მისი გუნდია. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ის ახალგაზრდაა და პროგრესირებადი მოთამაშეა. ვფიქრობ, კვარაცხელიას სათამაშო დონე „ბარსელონასას“ შეესაბამება.
ღირს თუ არ ხვიჩა 100 მილიონი? ეს საკამადო მომენტია, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია. რადგან ბაზარზე ასეთი ციფრებია და ის ევროპის წამყვანი მოთამაშეა, მაშინ ასეთ თანხად ღირს“ – თქვა სიომინმა.
კვარაცხელიამ სaდებიუტო სეზონში სერია A-ში 34-ჯერ (30-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 12 გოლი გაიტანა, პლუს 10 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგაში 9 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო 4-თანაგუნდელებს გაატანინა.
გარდა ამისა, კვარაცხელიამ ყველა ტურნირში 4 პენალტი გამოიმუშავა. ის სერი A-ს საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი გახდა. ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
კვარაცხელიამ, რომელსაც ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 2-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ France Football-მა კვარაცხელია “ოქროს ბურთის” 2023 წლის 30 ნომინანტს შორის დაასახელა.
ლაშა თაბაგარი