“დინამომ” “შუქურასთან” შემოატრიალა, “დილას” მოულოდნელი მარცხი

0
31

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტური დასრულდა. შაბათს სამი მატჩი გაიმართა: დინამო თბილისმა, საბურთალომ და სამტრედიამ სამ-სამი ქულა მიითვალეს. ჯამში 14 გოლი გავიდა. ვნახეთ ჰეთ-თრიქი, ასევე სადებიუტო გოლებიც.
საბურთალომ უკვე მე-13 წუთისთვის შეიქმნა ორბურთიანი უპირატესობა. ორივე გოლი კამერუნელმა სირილ ჩამბამ გაიტანა ახლო მანძილიდან. ჩამბამ ბოლო წუთებზე კიდევ ერთი ბურთი მიითვალა და საბოლოოდ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ გოლს:  ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა გიორგი ჯინჯოლავას კარგი ჩაწოდების შემდეგ. ხოლო მერე თავად ჯინჯოლავამაც მოახერხა გატანა და თან ლამაზად – შორიდან მოულოდნელი დარტყმით.
საბურთალოდან ერთი საგოლე პასი 17 წლის დანიელ ქვარცხავამ გააკეთა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მხოლოდ 8 წუთი ითამაშა.
საბურთალო მესამე ადგილზეა. გაგრამ კი ზედიზედ მეოთხედ წააგო, თუმცა მერვე ადგილზე დარჩა.
აუტსაიდერი ქობულეთის შუქურა პირველი ტაიმის მერე 2:0-ს უგებდა დინამო თბილისს, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონმა იმარჯვა. დინამო მეორე ადგილზეა.
შუქურა ალეკო ანანიძემ დააწინაურა, მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით დარტყმით. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი ბექა ვერულიძემ გაიტანა: საჯარიმო ტექნიკურად შეასრულა, იქ დავით მუჯირმა დააბნია მეკარე და ბურთი კარში აღმოჩნდა.
მეორე ნახევარი როგორც კი დაიწყო, დინამოელმა უსმანე კამარამ მოახერხა კარგი გოლის გატანა – 1:2. მალევე, 54-ე წუთზე პენალტი დაინიშნა შუქურას კარში და დავით სხირტლაძემ ანგარიში გაათანაბრა.
დინამომ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატეხა შუქურა: კუთხური და 19 წლის ჯადული იობაშვილის გოლი თავურით. ეს იობაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. პირველი და ასეთი ფასეული – 2:3.
ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა სამტრედიამ სტუმრად 3:1 მოუგო გორის დილას. ეს გორელთა ზედიზედ მეორე წაგებაა, ხოლო სამტრედიას საინტერესო სტატისტიკა აქვს: 16 ქულიდან 11 სტუმრად აიღო. იმერულმა გუნდმა 28 მაისის მერე პირველად გაიმარჯვა.
მე-14 წუთზე სამტრედიელთა ნახევარმცველმა საბა ფირანაშვილმა შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა, ხოლო შესვენების წინ მათე აბულაძემ პენალტით ორამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა.
მომენტები საკმაოდ შეიქმნა ორივე კართან. 89-ე წუთზე დილამ სხვაობა შეამცირა, კერძოდ ონორე გომისმა გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი სამტრედიელთა ფორვარდმა რევაზ ინჯგიამ კონტრშეტევისას კარგი პასი გაუკეთა თორნიკე ახვლედიანს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

საბურთალო 5:0 გაგრა 

შუქურა 2:3 დინამო თბ 

დილა 1:3 სამტრედია