საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ შემადგენლობაში MLS-ში მესამე მატჩი ჩაატარა და თავისი მეორე გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბმა ისევ ეფექტური ბურთი შეაგდო.
ატლანტელები სტუმრად „დალასს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და 58-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შესული ერთ მცველს გვერდი ცრუ მოძრაობით აუარა, რის შემდეგ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.
ლობჟანიძე 62-ე წუთზე შეცვალეს და იმავე წუთზე დალასელებმა ანგარიში გაათანაბრეს.
„ატლანტა იუნაიტედი“ 42 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ცნობისთვის MLS-ის რეგლამენტის თანახმად აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებიდან, სადაც 14-14 გუნდია, პლეი-ოფში 7-7 გუნდი გადის.
ლაშა თაბაგარი
