საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დევიდ უები შეუერთდა

0
38

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი, დევიდ უები შეუერთდა. სანაკრებო პერიოდში 43 წლის სპეციალისტი მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს. (Performance Coach).
ამ მიმართულების სპეციალისტის საქმიანობა თანამედროვე ფეხბურთში უკვე მიღებული პრაქტიკაა. სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი საქართველოს ნაკრებში სექტემბრის მატჩებიდან იმუშავებს.
დევიდ უებს ევროპულ კლუბებში ამ და სხვა მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ინგლისელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს “უიმბლდონში”, “კრისტალ პალასში”, “ტოტენჰემში”, “მილუოლში”, ლევერკუზენის “ბაიერში”, “საუთჰემპტონში”, “ბორნმუთში”, “ჰოფენჰაიმში”, “ბეტისში”, “ესტერსუნდში”, “ჰადერსფილდსა” და “იორკ სიტიში” სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
 ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): “საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი უკვე სექტემბრის მატჩებიდან შეუერთდება. ჩვენ მუდმივად განვითარებაზე ვმუშაობთ ნაკრების შტაბში. ვფიქრობ, საინტერესო სიახლე იქნება, რადგან ეს მიმართულება სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოცდილია.
დევიდ უებს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ახალი სპეციალისტი ფეხბურთელებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ნაკრებთან ერთად”.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს ჩვენი გუნდი თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიას ესტუმრება.