იოჰან ვოიტმანი: “მეორე ტაიმში თამაში წაგვივიდა, ქართველებს – ნაკლებად”

0
15

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის გერმანია-საქართველოს შეხვედრის (სამწუხაროდ 73:100 დავმარცხდით) დასრულების შემდეგ მიქს ზონაში ჩვენი მეტოქის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მოთამაშეს იოჰან ვოიტმანს გავესაუბრეთ და “ცხელ გულზე” კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ:
“ქართველებთან დასაპირისპირებლად მთელი სერიოზულობით მოვემზადეთ. ჩვენ დღევანდელ მოწინააღმდეგეს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც განსაკუთრებით საშიში სამწამიან ზონაში არიან. ჩვენი სიფრთხილე ზედმეტი რომ არ იყო, ეს მატჩის პირველმა ტაიმმა დაადასტურა. თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და ვერ ვიტყვი, რომ რაიმე უპირატესობს გვქონდა. საპირისპირო სცენარით განვითარდა მოვლენები შესვენების შემდეგ. ჩვენ თამაში წაგვივიდა, ქართველებს – ნაკლებად, ამიტომაც საბოლოო გამარჯვება დაგვრჩა.
თორნიკე შენგელიასთან მხარდამხარ ვთამაშობდი. მის წინააღმდეგ გამოსვლა არცერთი კალათბურთელისთვის “საჩუქარი” არაა. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის მსვლელობისას შენგელიას ტრავმა გაუმიზეზდა და მეორე ნახევარში თავისი შესაძლებლობები მხოლოდ მინიმალურად წარმოაჩინა. თოკო ჩემი მეგობარია და მას ნაკლებ ტრავმასა და საკალათბურთო წარმატებებს ვუსურვებ”.
საქართველოს ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შემდეგ მატჩს 3 სექტემბერს “ოკინავა არენაზე” ავსტრალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან