თორნიკე შენგელია: “პატარა ქვეყნის დიდი გუნდი ვართ”

0
26

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია, რითაც სპორტის ქომაგებს და მთელ საქართველოს დიდი სიხარული მოუტანა. ვენესუელასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (70:59) შემდეგ მე და ჩემმა კოლეგა ვაჟა სიმონიშვილმა ჯერ მიქს ზონაში მივულოცეთ ჩვენ ბიჭებს წარმატება, მათ სახელდახელო კომენტარი ჩამოვართვით, შემდეგ კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის და კაპიტნის თორნიკე შენგელიას პრესკონფერენციაზე შევედით. სათქმელია ისიც, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის პრესკონფერენციას ორად-ორი ჟურნალისტი, გოჩა კაჭარავა და ვაჟა სიმონიშვილი დავესწარით, რადგან ვენესუელელმა ჟურნალისტებმა და basketnews.com-ის წარმომადგენელმა ზუროსის და შენგელიასთვის კითხვის დასმა არ ინებეს.
გთავაზობთ თორნიკე შენგელიას კომენტარს, რომელიც მან ჩვენთან საუბრისას და პრესკონფერენციაზე გააკეთა: “პირველი ამოცანა შესრულებულია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პატარა ქვეყნის დიდი გუნდი ვართ. ბედნიერი ვარ. ვულოცავ ჩემ პარტნიორებს, სამწვრთნელო შტაბს, აქ დამსწრე და საქართველოში მყოფ გულშემატკივრებს. მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ. აქ ყველა მატჩი ფინალივითაა. ვენესუელა კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ მწვრთნელებმა სათანადოდ მოგვამზადეს და პრინციპული შეხვედრა მოვიგეთ. ბედნიერი ვარ ამ გუნდის კაპიტნობით.  ქართული კალათბურთის ისტორიის წერას ვაგრძელებთ. ამ წარმატებით მომავალი თაობებიც იამაყებენ.
კაბო ვერდესა და ვენესუელასთან მოგებული ორივე შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. პირველი მატჩი მატჩი ნერვიულად დავიწყეთ, მაგრამ მალე თამაშში დავბრუნდით, წინ გავედით და ლიდერობა არათუ შევინარჩუნეთ, დიდი სხვაობითაც ვიმარჯვეთ. ორივე მატჩი მნიშვნელოვანი იყო, ვენესუელასთან დაპირისპირება კი გადამწყვეტი იყო, ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა იყო. ოკინავაში ყველა ჩვენი მატჩი ფინალივითაა და მომდევნო ეტაპზეც წარმატების მისაღწევად ვიბრძოლებთ”.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან