საქართველომ ვენესუელა დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფიდან გავიდა

0
52

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია, რითაც ისტორია დაწერა. თავის პირველ მსოფლიო პირველობაზე ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა 3-დან 2 შეხვედრა მოიგო, ლუკა დონჩიჩის სლოვენიის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველებმა ბოლო ტურის მატჩში ვენესუელის ნაკრები 70:59 დაამარცხეს და შესაძლებელი 6 ქულიდან 5 ქულა დააგროვეს.
საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან ერთად გადავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მეტოქეებად გერმანია და ავსტრალია ეყოლება. ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადაყვება ჯგუფში დაგროვებული ქულები და თავისი ჯგუფის წარმომადგენელს არ ეთამაშება. შესაბამისად, საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს და ეცდება 4 გუნდიდან 2 საუკეთესოში მოხვდეს და მეოთხედფინალში გავიდეს, ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 1 სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3-ში ავსტრალიას შეხვდება.
მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრით საქართველოს ნაკრებმა გაინაღდა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში თამაში, რომელიც ოლიმპიადის დაწყების წინ, მომავალი წლის ივნისში გაიმართება. რაც შეეხება ვენესუელას ნაკრებთან მატჩს, ქართველებმა შესანიშნავად ითამაშეს. ჩვენმა ნაკრებმა პირველივე პერიოდში აგრძნობინა მეტოქეს საკუთარი ძალა და ამბიცია. გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ საწყის ათწუთეულში 3-ჯერ ჩაუტენა ვენესუელელებს და ქართველების მიერ პირველ პერიოდში მოგროვებული 24 ქულიდან ნახევარი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა.
მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე გვარიანად დაჯაბნა. თამაშში ქვეული ენერგიით და შედეგიანად ჩაერთო კახა ჯინჭარაძე, რომელიც დაცვაში ხომ საიმედოდ ირჯებოდა, 2 ძალიან საჭირო ბურთი ჩააგდო. გოგა ბითაძე ბურთებს ჩვეული სიუხვით ვერ აგდებდა, თუმცა დაცვაში იყო გაუვალი და სამწამიან ზონას საიმედოდ იცავდა. მთლიანობაში ქებული დაცვის ხარჯზე საქართველომ მეტოქეს მეორე პერიოდში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდებინა, თავად 18 მიითვალა და დიდი შესვენებისთვის ჩვენიანთა 19-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა – 42:23.
მესამე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საქართველო ჯერ 23 ქულით გალიდერდა, შემდეგ სამხრეთ ამერიკელებმა რამდენიმე სამქულიანი ჩააგდეს და ჩამორჩენა 16 ქულამდე შეამცირეს. მეოთხედი ვენესუელამ 21:17 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ საქართველოს ლიდერობიდან 15 ქულა დარჩა. საქართველოს ნაკრები ისეთი შემართული იყო, 10 წუთში 15 ქულის აღმოფხვრას ვენესუელას რომ არ დაანებებდა, ცხადზე ცხადი იყო.
დასკვნით პერიოდში ბევრი არაფერი შეცვლილა. ვენესუელა ცდილობდა თამაშის გადარჩენას, მაგრამ გამართული თამაშის წყალობით ქართველებმა არ დაანებეს. საბოლოოდ საქართველომ 70:59  გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფი მეორე ადგილზე დახურა. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო გახდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა . კაბო ვერდესთან მატჩის მსგავსად კაპიტანი TCL-ის მატჩის MVP გახდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალური პრიზი ჩაიბარა.
ვენესუელასთან დაპირისპირებაში ნაკრებს 11 ქულასთან ერთად 11 მოხსნაც მოუტანა გოგა ბითაძე, 9 ქულა ჰქონდა დუდა სანაძეს, 9 რატი ანდროკინაშვილს, 4 ქულა და 9 მოხსნა კახა ჯინჭარაძეს.