ბათუმის „დინამომ“ აჭარული დერბი მოიგო, „სამგურალის“ ქულა

0
48

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მე-19 ტურის პირველი სათამაშო დღეს „გაგრამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.
“გაგრას”, რომლის თავკაცის რანგში გიორგი ონიანმა პირველი მატჩი ჩაატარა, 18 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი “სამგურალი” 38 ქულით მესამეა.
მეორე მატჩს რაც შეეხება, აჭარულ დერბიში გათამაშების ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ ერთ-ერთი აუტსაიდერი ქობულეთის “შუქურა” მიიღო და 5:0 დაამარცხა.
38-ე წუთზე ანგარიში პენალტიდან ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ერთ წუთში მამუჩაშვილის პასით ირაკლი ბიძინაშვილმა გამოიყენა. 54-ე წუთზე თავი მამუკა კობახიძემ გამოიყენა.
61-ე წუთზე გიორგი ზარიას გადაცემის მერე „შუქურა“ მათე ვაწაძემ დაამწუხრა. 85-ე წუთზე ბათუმელთა მაისურით თავისი პირველი გოლი გუნდის ახალწვეულმა ლევან ხარაბაძემ გაიტანა.
გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ბათუმელები სატურნირო ცხრილს 45 ქულით ლიდერობენ, ხოლო “შუქურა”, რომლის მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი გოჩა ჯოხაძეს ჰქონდა, 7 ქულით ბოლოა.
გაგრა 0:0 სამგურალი 
დინამო ბთ 5:0 შუქურა
ლაშა თაბაგარი