ლუკა გაგნიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს შეუძლია მსოფლიო მასშტაბით ხმამაღალი განაცხადი გააკეთოს. მოსკოვის „დინამოს“ ნახევარმცველმა ამის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა.
-ახლა საქართველოს ძალიან ძლიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს…
-ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ. საქართველოში მართლაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებსაც თამაშისა და განვითარების შანსს აძლევენ. ჩემი აზრით, ამჟამად ქართული ფეხბურთი ახალგაზრდებისთვის უფრო გახსნილია.
-ამჟამინდელ საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო არენაზე წარმატების მიღწევა შეუძლია?
-გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ და პირველზე გასვლაც შეგვიძლია. ამისთვის ვიბრძვით და ვიცით, რომ მეტოქეებს ჩვენთან ძალიან გაუჭირდებათ. ასევე მეორე შანსიც გვაქვს, რადგან ევრო 2024-ზე მოხვედრა ერთა ლიგიდანაც შეგვიძლია. ჩემი აზრით, ჩვენს გუნდს მსოფლიო მასშტაბით ხმამაღალი განაცხადის გაკეთება შეუძლია.
ლაშა თაბაგარი





