ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე ფინალისტი ცნობილია. ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში ესპანეთის ეროვნული ნაკრების იტალიას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც თავის საჯარიმოს სიახლოვეს გამოცდილმა ლეონარდო ბონუჩიმ ბურთი ვერ დაიმორჩილა, რითაც კარგად ისარგებლა იერემი პინომ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა.
მე-11 წუთზე ნიკოლა ძანიოლოს დარტყმული ბურთი ესპანელთა მცველ ლე ნორმანს, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, თავის საჯარიმოში ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ჩირო იმობილემ თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა – 1:1.
88-ე წუთზე ესპანელთა შეტევის დროს ბურთი ჯერ ერთ იტალიელ მცველს მოხვდა, შემდეგ მეორეს და საბოლოოდ კარის წინ მდგომა ხოსელუს მიუვიდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
33 წლის ხოსელუმ ესპანეთის ნაკრებში მესამედ ითამაშა და მესამე გოლი მიითვალა. ის ყოველ 27 წუთში თითო ბურთს იტანს. განვლილ მატჩებში ხოსელუმ კარში 5-ჯერ დაარტყა და ჩარჩოში ბურთი 4-ჯერ მოახვედრა. მან გოლები მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით და თავით გაიტანა.
ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც კვირას 16 ივნისს როტერდამში „დე კუიპზე“ ხორვატიას დაუპირისპირდება. წინა გათამაშების გადამწყვეტ მატჩში ესპანელები სააფრანგეთთან 1:2 დამარცხდნენ. რობერტო მანჩინის გაწვრთნილი „სკუადრა აძურა“ კი, ისევ ფინალს მიღმა დარჩა. კვირასვე მე-3 ადგილისთვის მატჩში ენსხედეშიიტალია ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.
ესპანეთი-იტალია 2:1 (1:1)
15 ივნისი. ენსხედე. დე გროლშ ვესტე. 26 515 მაყურებელი
ესპანეთი: სიმონი, ნავასი, ლე ნორმანი, ლაპორტი, ალბა, როდრი, მერინო ( ფაბიან რუისი, 74), როდრიგო (ასენსიო, 46), გავი ( კანალესი, 68), პინო ( ფატი, 74), მორატა (8ხოსელუ, 84).
მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
იტალია დონარუმა, ტოლოი, ბონუჩი (დარმიანი, 46), აჩერბი, დი ლორენცო, ფრატეზი ( ვერატი, 76), ჟორჟინიო (კრისტანტე, 61), ბარელა, სპინაცოლა (დიმარკო, 46), იმობილე (კიეზა, 60), ძანიოლო
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 პინო (3), 1:1 იმობილე (11,პენ), 2:1 ხოსელუ (88)
მთავარი არბიტრი: ს. ვინჩიჩი (სლოვენია)





