„სამგურალი“ „შუქურასთან“ წაგებას გადარჩა, “გაგრას” ისევ მუსელიანმა მოაგებინა

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერი წყალტუბოს „სამგურალმა“ მე-20 ტურში სტუმრად სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და წაგებას გადარჩა.
თბილისის ზღვაზე მდებარე ილია კოკაიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში გამართული შეხვედრის 32-ე წუთზე ცოტნე ფაცაცია ცრუ მოძრაობით მოედნის ცენტრში ერთ მეტოქეს გაცდა და საუცხოო პასი მისცა სტუმართა საჯარიმოში შეჭრილ მიშიკო სარდალიშვილს, რომელიც კარიდან გამოსულმა ნოდარ ყალიჩავამ წააქცია. მთავარ მსაჯ ალეკო აფციაურის მიერ დანიშნული პენალტი ფაცაციამ გამოიყენა.
მე-40 წუთზე წყალტუბოელთა საჯარიმოს ხაზზე დანიშნული საჯარიმო დარტყმა სარდალიშვილმა ძალიან კარგად შეასრულა და „შუქურა“ ორი ბურთით დააწინაურა.
57-ე წუთზე იაპონელმა ლეგიონერმა ტაიკი კაგაიამამ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მიიღო და შორეულ ძელთან პასი დემურ ჩიხლაძეს გაუკეთა, რომლის თავურის მერე, გიორგი ნიქაბაძემ ასევე თავით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
73-ე წუთზე კაგაიამამ შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით „შუქურას“ კარი აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „სამგურალი“ ზაფხულის შესვენებაზე 37 ქულით გავოდა – გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან.
უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით „შუქურამ“ თავი 13 ქულას მოუყარა და მერვეა.
„გაგრამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ამჯერად, გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად „თელავი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გაგრელებს ისევ ზურაბ მუსელიანმა მოაგებინა, რომელმაც მეორე წრის დასკვნით შეხვედრაში სტუმრად ქობულეთის „შუქურასთან“ ჰეთ-თრიქი მიითვალა.
მუსელიანმა შეხვედრაში ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე გაიტანა, როდესაც როინ ოდიშელიძის კარგი პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტად დაარტყა.
„გაგრა“ 17 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „თელავი“ 11 ქულით ბოლოა.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მომდევნო ტური 6 აგვისტოს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი