გიორგი ფანცულაიამ ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. მე-12 ტურში „ქართული“ დერბი შედგა, რომელშიც ფანცულაიას და ჯაბა ჯიღაურის „კასპიი“ სტუმრად „ჟეტისუს“ შეხვდა, სადაც მათე ცინცაძე და რატი არდაზიშვილი გამოდიან.
მატჩის 37-ე წუთზე, როდესაც „კასპიი“ 1:0 იგებდა, ფანცულაიამ მეტოქის კარი აიღო, როდესაც საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ერთ მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ცინცაძის პასის შემდეგ „ჟეტისუს“ ფეხბურთელმა ანგარიში შეამცირა, 74-ე წუთზე თამაშში ჩართულმა არდაზიშვილმა კარგი რეიდი განახორციელა და მისი დარტყმის შემდეგ, მეკარის მოგერიებულ ბურთს მასპინძლების მოთამაშემ დაამატა. „ჟეტისუმ“ გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა, რომელიც ცინცაძის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა.
„ჟეტისუ“ 13 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა, ხოლო „კასპიი“ 10 ქულით მეთორმეტეა.
ლაშა თაბაგარი



