მოურინიო; „ისტორია ფეხბურთს არ თამაშობს“

0
29

„რომას“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ „სევილიას“ გამოცდილების მიუხედავად, ფინალში ორივე გუნდის შანსი თანაბარია. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ 31 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართ ევროპა ლიგის ფინალამდე განაცხადა.
„ფინალში თამაში დავიმსახურეთ. ამის შესახებ  დიდი ხანი ვსაუბრობდით. ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ჩვენმა მეტოქემ გაიარა, რომელიც ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან მოხვდა.
ჩვენ თამაში გვინდა, რადგან ამის დრო დადგა. ბევრი ვიმუშავეთ, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში ოპტიმალური ფორმაში ვყოფილიყავით. ისტორია ფეხბურთს არ თამაშობს. ჩემი კოლეგა მენდილიბარს სხვაგვარად მიაჩნია და მას პატივს ვცემ. მისი აზრით, ამ ისტორიის გამო „სევილია“ ფავორიტია და ამას პატივს ვცემ. ჩვენ ფინალში ვართ, რადგან ეს დავიმსახურეთ. მეტოქეს ისტორია აქვს, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. „სევილიასთან“ ფინალში თამაში ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო ჩვენთვის ექსტრაორდინალური მოვლენა.
„სევილიას“ საუცხოო გუნდი ჰყავს. უფრო სწორედ ორი საუცხოო გუნდი, რადგან მენდილიბარის განკარგულებაში 25 მაღალი დონის ფეხბურთელია. მეტოქის ყველა მოთამაშე ტოპ დონისაა და „სევილიას“ ბევრი არჩევანი აქვს. თუმცა, ისინი ჩემს ბიჭებს არ იცნობენ და ჩემი გუნდი როგორც გუნდი არ იციან.
მე ევროთასებზე თამაშის უფრო მეტი შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ მენდილიბარიც იმ თაობიდანაა, რომლიდანაც მე, ჩემსავით ჭაღარა თმით. ჩვენ თანაბარ მდგომარეობაში ვართ. იმავე ფეხბურთელებს ეხება – „სევილიას“ მეტი გამოცდილება აქვს, თუმცა, ჩვენ უკვე ორი წელიწადია ერთად ვთამაშობთ“ – იუწყება მოურინიოს ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ევროპა ლიგის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი