გვარდიოლა პრემიერლიგაში ისევ საუკეთესო მწვრთნელია

0
34

პეპ გვარდიოლა ინგლისის პრემიერლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
მისი ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო.
გვარდიოლა პრემიერლიგაში საუკეთესოდ მეოთხედ აღიარეს. მან ამ მაჩვენებლით ჟოზე მოურინიოს და არსენ ვენგერს აჯობა, ხოლო რეკორდსმენი ალექს ფერგიუსონია, რომელიც პრესტიჟულ ჯილდოს 11-ჯერ ფლობდა.
„აღტაცებული ვარ, რადგან ეს დიდი პატივია. პირობას ვდებ, რომ შემდეგ სეზონში ჩვენ ტიტულისთვის ისევ ვიბრძოლებთ, რადგან ეს ლიგა კიდევ უფრო განვადიდოთ“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
გვარდიოლას ხელმძღვანელობით მანჩესტერელები ბოლო 6 სეზონიდან ჩემპიონები 5-ჯერ გახდნენ. ესპანელი სპეციალისტი ლეგენდარულ მეტ ბასბის დაეწია. მასზე მეტჯერ ინგლისის ჩემპიონატი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შოტლანდიელმა ექსთავკაცმა ალექს ფერგიუსონმა (13), „ლივერპული“ ექსთავკაცმა ბობ პეისლიმ (6) და „ასტონ ვილას“ ყოფილმა დამრიგებელმა ჯორჯ რემზიმ (6)  მოიგეს.
52 წლის გვარდიოლამ კარიერაში 33 ტიტული მოიხვეჭა – „მანჩესტერ სიტის“ გატარებულ 7 წელიწადში – 12.  ის „ბარსელონაში“ 14 ტიტულს დაეუფლა, ხოლო „ბაიერნში“ – შვიდს.
გვაარდიოლამ მწვრთნელის რანგში ევროპის ტოპ 5 ლიგაში გატარებულ 14 სეზონში ჩემპიონი 11-ჯერ გახდა.
ლაშა თაბაგარი