საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, “ტენერიფეს” მეფარე გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესას მიერ ორგანიზებული ქომაგთა გამოკითხვა მოიგო და 2022-23 წლების საუკეთესო მოთამაშის პრიზის მისაღებად პირველი ნაბიჯი გადადგა.
საქართველოს ნაკრების 34 წლის კალათბურთელმა 29.2 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე მადრიდის “რეალის” ბოსნიელი ლეგიონერი ჯანან მუსა (19) გავიდა, მესამეზე კი – “რიო ბრეოგანის” ამერიკელი მოთამაშე ეთან ჰაპი (9).
საუკეთესოს დასახელებაში მონაწილეობას თავად კალათბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და ქომაგები იღებენ. ლიგა ენდესას 18 კლუბის კაპიტნები და თავკაცები სამ საუკეთესოს ასახელებენ (შესაბამისად, 3, 2 და 1 ქულა დაერიცხებათ), ოღონდ საკუთარი გუნდელების არჩევა არ შეუძლიათ. მედიიდან ხმის მიცემის უფლება 51 ჟურნალისტს აქვს.
გიორგი შერმადინს MVP-ს ტიტული 2020-21 წლების სეზონში აქვს მოპოვებული (წინა სეზონში საუკეთესო მუსა იყო, შერმადინი მეორეზე გავიდა) და თუკი ამ დიდ წარმატებას კიდევ ერთხელ მიაღწია, ლეგენდარულ კალათბურთელებს – ლიეტუველ არვიდას საბონისს, ამერიკელ ტანოკა ბერდს, არგენტინელ ლუის სკოლას, ესპანელებს – ფელიპე რეიესსა და ნიკოლა მიროტიჩს გაუთანაბრდება. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ესპანეთში აღნიშნული ჯილდო სამჯერ აქვს მოპოვებული, ამერიკელი დერილ მიდლტონია.



