ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანს“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-13 ტურში სახლში „სეულთან“ მოაგებინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 49-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, თავისი გუნდი წინ გაიყვანა – მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ერთი შეხებით მიიღო ბურთი და მიწაზე დაუშვებლად კარში გაგზავნა. მან 68-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო, როდესაც “სეულის” საჯარიმოში მყოფმა მცველის მოგერიებული ბურთი კარში შეუჩერებლად გაგზავნა. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა მეორე ბურთი ვაკოს მოედნიდან გასვლიდან ერთ წუთში გაიტანეს.
30 წლის ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 12 მატჩში თავი 5-ჯერ გამოიჩინა. ქართველმა ფეხბურთელმა „ულსანში“ გადასვლის შემდეგ დუბლი მეორედ შეასრულა. პირველად ეს 2021 წლის 25 აგვისტორს „სეულთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა. იმ სეზონში ყაზაიშვილმა 9 გოლი გაიტანა, ხოლო შარშან – 8 და „ულსანთან“ ერთად სამხრეთ კორეის პირველობა მოიგო. ის აზიაში მესამე სეზონს ატარებს.
„ულსანი“ 34 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია და უახლოეს მდევარ „სეულს“ 11 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





