ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახურმა განმარტა თუ რატომ გაიყვანა გუშინ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გუნდი სტუმრად “გაგრასთან” სამუშაოდ ჟურნალისტმა ლაშა დვალიშვილმა, რომელიც ამჟამად რიონისპირელთა სპორტული დირექტორია.
“გუნდში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის ერთდროულად რამდენიმე კანდიდატთან აწარმოებს მოლაპარაკებას “გაგრასთან” გამართულ შეხვედრაში, გუნდი თამაშზე უნდა გაეყვანა ფედერაციაში დარეგისტრირებულ და განაცხადში მქოფ კლუბის სრულუფლებიან წევრს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით გუნდის თამაშზე გაყვანა მოუწია სპორტულ დირექტორს, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
გულშემატკივრებისთვის გვსურს განვმარტოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკარნახები იყო გუნდში არსებული ცაიტნოტური ვითარებიდან გამომდინარე.
აქვე გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა”.





