„დუბაიმ“ მომდევნო, 2026/2027 წლების სეზონის წინ, წინა ხაზი საქართველოს ნაკრების ლიდერის თორნიკე შენგელიას დამატებით გააძლიერა. გამოცდილი მძიმე ფორვარდი გუნდს „ბარსელონაში“ გატარებული სეზონის შემდეგ უერთდება. ის კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს და დუბაიში ევროლიგის უდიდესი, ათწლიანი გამოცდილება მიაქვს.
ევროლიგის 34 შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი საშუალოდ 12.4 ქულასა და 4.6 მოხსნას აგროვებდა. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს (Liga ACB), მან 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქტივში საშუალოდ 11.2 ქულა ჩაიწერა და კატალონიურ გრანდს ფინალში გასვლაში დაეხმარა.
2.06 მეტრი სიმაღლის შენგელია ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. იგი გამოირჩევა ფიზიკური ძალით, უნივერსალურობითა და ლიდერული თვისებებით როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. თორნიკე სტაბილურად უმაღლეს დონეზე ასპარეზობს – ის იდეალურად უთავსებს ერთმანეთს პერიმეტრიდან თუ ფარქვეშიდან შეტევას, საიმედო თამაშს მოხსნებზე და გუნდის ორგანიზებას“.
„დუბაის“ სათავეში ხავიერ პასკუალი ჩაუდგა, რომელთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს „ბარსელონაში“ უმუშავია.
შენგელია კარიერის განმავლობაში „ვალენსიაში“, „შარლერუაში“, „პეპინსტერში“, „ბრუკლინ ნეთსში“, „ჩიკაგო ბულსში“, „ბასკონიაში“, მოსკოვის ცსკა-ში და „ვირტუს ბოლონიაში“ გამოდიოდა.
მან „ბასკონიას“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო „ვირტუს ბოლონიასთან“ ერთად იტალიის პირველობის ოქროს მედლები მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





