ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალის პირველ მატჩში „მილანმა“ „სან სიროზე“ თანაქალაქელ „ინტერს“ უმასპინძლა და დამარცხდა,
„ინტერმა“ ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩალხანოღლუმ კუთხური ჩააწოდა და ედინ ჯეკომ მას მერე რაც კალაბრიას აჯობა, მარცხენა ფეხით ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 0:1. ბოსნიელმა კარიერაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესამედ ითამაშა და მოედანი უგოლოდ არცერთხელ დაუტოვებია.
დაწინაურებიდან სამ წუთში „ინტერმა“ კონტრშეტევა განახორციელა და მასპინძლების დაცვის „ჩავარდნის“ გამო მეკარესთან პირისპირ დარჩენილ გენრიხ მხითარიანს გოლის გატანა არ გაჭირვებია. სომხეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ტაიმის შუაწელში სიმონე ინძაგის გაწვრთნილ გუნდს ანგარიში გაზრდა კიდევ შეეძლო, როდესაც შორი მანძილიდან ჩალხანოღლუს დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო მხითარიანის დამატებული მეკარე მენიომ მოიგერია.
დარჩენილ დროში სტეფანო პიოლის შეგირდებმა ერთი საპასუხო ბურთიც ვერ გაიტანეს და „მილანი“ არსებობის მანძილზე პირველად ჩემპიონთა ლიგაში „ინტერთან“ დამარცხდა.
1979-1980 წლების სეზონიდან მოყოლებული პირველად „ინტერმა“ ყველა ტურნირში „მილანს“ ზედიზედ სამი მატჩი ისე მოუგო, რომ გოლი არ გაუშვია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე „ნერაძურიმ“ „როსონერის“ იტალიის ჩემპიონატში 1:0 აჯობა, ხოლო სუპერთასზე 3:0.
„მილანი“ – „ინტერის“ დაპირისპირებას 75000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო და ბილეთებიდან მიღებულმა შემოსავალმა 10,5 მილიონ ევროს მიაღწია, რაც ევროთასებზე იტალიური ფეხბურთის რეკორდია.
ონანა “ინტერის” ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ის კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 მაისს იმავე სტადიონზე გაიმართება და მასპინძელი „ინტერი“ იქნება.
ლაშა თაბაგარი




