ლამპარდის ზედიზედ მე-10 მარცხი „ჩელსიში“, „არსენალის“ რეკორდი

0
52

ფრენკ ლამპარდი 2005 წლის შემდეგ პირველი მწვრთნელია, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში ზედიზედ 10 თამაში წააგო.
34-ე ტურში მისი დამოძღვრილი „ჩელსი“ სტუმრად ლონდონურ დერბიში „არსენალში“ 1:3 დამარცხდა.
შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში „არსენალის“ ნორვეგიელმა კაპიტანმა ოდეგორმა გახსნა, რომელმაც 31-ე წუთზე დუბლი მიითვალა. 34-ე წუთზე ბრაზილიელმა გაბრიელ ჟესუსმა სტუმართა კარი მესამედ აიღო. „ჩელსიდან“ ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე მადუეკემ გაიტანა. „არსენალმა“ „ჩელსის“ ბოლო 7 თამაშიდან 6-ჯერ მოუგო.
ლამპარდის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ 4 მატჩი წააგო, ხოლო მანამდე ამ სეზონში მისი თავკაცობით „ევერტონი“ მიჯრით 6 შეხვედრაში დამარცხდა. ამრიგად, ის მიკ მაკარტის შემდეგ მეორე მწვრთნელია, რომელიც ერთ სეზონში პრემიერლიგაში ზედიზედ 10 თამაშში დამარცხდა. მაკარტის გაწვრთნილმა „სანდერლენდმა“ მსგავსი ცუდი შედეგი 2005 წელს აჩვენა. თუ ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის „რეალთან“ წაგებასაც ჩავთვლით, ლამპარდის ხელში „ჩელსიმ“ მიჯრით 12-ჯერ წააგო.
სხვათა შორის, „არსენალი“ პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც 10 ლონდონური დერბი მოიგო. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მიკელ არტეტას შეგირდებმა ბოლო 5 თამაშიდან პირველში გაიმარჯვეს – მანამდე ერთხელ ფრედ ითამაშეს და 3-ჯერ დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი