მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით, გუნდისთვის მნიშვნელოვანი მომენტი დგება, როდესაც ბოლო პერიოდში დაშვებული შეცდომებისგან თავი მაქსიმალურად უნდა დაიზღვიონ.
მან ამის შესახებ ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში სტუმრად „რეალ სოსიედადთან“ 0:2 წაგების შემდეგ ისაუბრა. განვლილი შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 47-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში იაპონელმა კუბომ გახსნა. 53-ე წუთზე დანი კარვახალმა პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 8 წუთში მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს. „რეალ სოსიედადიდან“ 85-ე წუთზე მადრიდელთა კარი ბარენეჩეამ აიღო. სან სებასტიანში ჩატარებულ მატჩში „რეალს“ ქარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და ვინისიუს ჟუნიორი აკლდა.
„პირველ ტაიმში ვიბრძოლეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქეს გოლი ვაჩუქეთ, რასაც გაძევება მოჰყვა, რომელმაც ყველაფერი გაართულა. დიახ, გაძევებას ვაპროტესტებდით. კარვახალთან არ მისაუბრია, ასე რომ ზუსტად რა მოხდა არ ვიცი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი მოდის, როდესაც მზად უნდა ვიყოთ და გამოვრიცხოთ შეცდომები, რომლებიც ბოლო პერიოდში დავუშვით. ჩვენ მომდევნო ორ შეხვედრაში გაცილებით ძლიერად უნდა ვითამაშოთ – „ოსასუნასთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“.
უსიამოვნოა, როდესაც ასე მარცხდები. თუმცა, წინ უნდა გავიხედით, რადგან ესპანეთის თასის ფინალი ახლოსაა, რომლის მოგებაც გვსურს. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა გველოდება.
განვლილ შეხვედრაში უფრო ვერტიკალურად უნდა გვეთამაშა. კურტუას ძალიან ხშირად ვაძლევდით პასს, რაც უახლოეს ხანში უნდა გამოვასწოროთ. გულშემატკივრებს ვეტყვით, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაბრუნდებიან და ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ. იმედია, მათ მოვიპოვებთ“ – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა Movistar-თან.





