ლევან მაისაშვილი: “ასეთი უიღბლო თამაში არ გვქონია”

0
25

გასულ კვირაში “შავი ლომი” არგენტინაში, ბუენოს აირესში მასპინძელ ‘პამპასს’ ეთამაშა და შეხვედრა 21:24 წააგო.
ლევან მაისაშვილი: “„ეს არის არგენტინის A ნაკრების საბაზო გუნდი, ამ ქვეყნის მეორე-მესამე ნაკრების ნაზავი და მადლობელი ვარ ჩვენს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობა რომ დააყენეს. ‘პამპასი’, ახალგაზრდული ნაკრებების მსგავსად, არგენტინის ნაკრების ვერტიკალის ნაწილია და იგივე ხელწერით თამაშობს. მათ ყველაფერი სისწრაფეზე აქვთ აგებული – რაქები, გადაწყობა. გადაწყვეტილებები და ზუსტად ის თამაში იყო რაც გვჭირდება.
რაც ‘შავი ლომი’ არსებობს, ასეთი უიღბლო თამაში არ გვქონია. ნაადრევი ტრავმების გამო გამოგვაკლდა ლაშა ხმალაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი. ტრავმა მიიღო შეცვლაზე შესულმა თორნიკე აქუბარდიამ და თავადაც შესაცვლელი გახდა. ასევე დაშავდნენ ნოდარ ჭეიშვილი და ნიკო აფციაური. ამდენმა დაუგეგმავმა ცვლილებამ, შეცვლილი მოთამაშეების დაშავებამ ჩვენი სისტემები არია.
პირველ ტაიმში გვქონდა 5 ჯარიმა, საიდანაც ორს არ ვეთანხმები, მეორე ტაიმში კი მსაჯმა 14-ჯერ დაგვაჯარიმა, რაც ძალიან ბევრია. ამ ჯარიმების ნახევარს არ ვეთანხმები. ადგილობრივებიც უკმაყოფილონი არიან მსაჯობის დონით, თუმცა ჩვენ ასეთ წნეხში თამაშსაც უნდა მივეჩვიოთ.
კარგად გავისარჯეთ დაცვაში და ძალიან ბევრი კარგი შეტევა გვქონდა. 5 ლელოს გატანა შეიძლებოდა, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა (რაც პირველ ორ თამაშში არ გვქონდა) და მე ვიტყოდი უიღბლობამ, რამდენიმე ლამაზი ლელოს გატანის შესაძლებლობა არ მოგვცა.
ჩვენი მიზანი იყო და არის, სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში განსხვავებულ მეტოქეებთან ხარისხიანი თამაშები გვქონოდა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურნე ფუნქციას ასრულებს.
სამხრეთში სტანდარტული თამაშებისთვის არ ჩამოვსულვართ. ეს არის წვრთნის ნაწილი და თუკი სადმე შეიძლება ექსპერიმენტები, სწორედ ასეთი შეხვედრებია”.