„დინამომ“ მეორე წრე „დილასთან“ წაგებით დაიწყო

0
52

თბილისის “დინამო” მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. არადა, მანამდე გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ 24 მატჩი არ წაეგო. ამჯერად, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ნომინალური მასპინძლის როლში გორში “დილას” შეხვდა და უქულოდ დარჩა.
პირველი წრის ბოლო მატჩში „საბურთალოსთან“ მარცხის შემდეგ „დინამოს“ თავკაცმა სასტარტო შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა. მიმდინარე სეზონში პირველად თბილისელთა საწყის თერთმეტეულში მცველი გიორგი მაისურაძე და ნახევარმცველი ნიკა უგრეხელიძე გამოჩნდნენ.
„დილა“ სათამაშოდ ირაკლი მოდებაძემ გაიყვანა, რადგან უკრანელი მწვრთნელი ანდრე დემჩენკომ მიმდინარე სეზონში მესამე დისკვალიფიკაციას იხდიდა.
მატჩის მე-15 წუთზე გაბრიელ სიგუამ „დინამოს“ საჯარიმოს ახლოს მეტოქე ფეხბურთელი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული რევაზ ჩიტეიშვილმა სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად შეასრულა.
32-ე წუთზე ბარბადოსელი ტიერი გეილი თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ლუკა კუტალაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დამამთავრებელი დარტყმა ვერ შეასრულა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გეილი შეტევის მარცხენა ფლანგზე მაისურაძეს გაცდა, შემდეგ მასპინძლების საჯარიმოში სისწრაფეში უგრეხელიძე დაჩაგრა და პასი ახლო ძელთან უკრაინელ მიკოლა კოვტალიუკს გაუკეთა, რომელმაც ბურთს მიმართულება კი შეუცვალა, მაგრამ კარს ააცილა.
54-ე წუთზე ჯარიმის გათამაშების დროს ჩიტეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან დინამოელთა საჯარიმოში გეილი მოძებნა, რომლის დარტყმის მერე ბურთი თბილისელთა მცველის დავით კობოურის ფეხიდან კარში აღმოჩნდა.
გოლის გაშვების შემდეგ, ჭიაბრიშვილმა ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი შეცვალა. ცოტა ხანში კი თამაშში ლაშა ოდიშარია ჩართო, რომელმაც ამ სეზონში პირველი მატჩი გამართა.
61-ე წუთზე ონორე გომისმა კუთხური ჩააწოდა და მას მერე რაც კოვტალიუკმა ოქროპირიძეს დაასწრო თავით გაიტანა. მან „დილაში“ დაბრუნების შემდეგ წელს პირველი გოლი მიითვალა.
63-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან ოდიშარიამ პასი კარის წინ სერბ ზორან მარუჩიშს გაუკეთა, რომელმაც გორელთა ცენტრალური მცველების ჩავარდნით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
69-ე წუთზე ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვესმა ხელსააყრელი პოზიციიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა, ხოლო საპასუხო კონტრშეტევის დროს უკვე გეილმა გაუშვა გოლის გატანის შანსი ხელიდან.
77-ე წუთზე ისევ ბარბადოსელმა შეუტია და ჯერ ალექსანდრე კალანდაძე ჩამოიცილა, მერე ნიკა მალი, რის მერე სახიფათოდაც დაარტყა – კუტალაძემ ბურთი ფეხით მოიგერია.
მატჩის მიწურულს გეილმა თბილისელთა ნახევარზე იმრანის პასი ჩაჭრა და ერთ მცველს სისწრაფეში გაექცა, ხოლო მისი დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მარცხნიდან „დილას“ საჯარიმოში ბურთი ჩაჰკიდა და მარუჩიშის თავურის შემდეგ ბურთს უკრინელი გოლკიპერი ევგენ კუჩერენკო დაეუფლა.
„დილამ“ ჩემპიონატში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ასევე „დინამოსთან“ ზედიზედ 6 წაგების მერე, თბილისელები დაამარცხა. გორელები 14 ქულით მე-6 ადგილზე არიან, ხოლო „დინამო“ 20 ქულით მეორეა.
ლაშა თაბაგარი