„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ნეაპოლელები სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე რასპადორიმ შეცვალა. სწორედ ამ უკანაკნელმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი ძირითადი დროსთვოს დამატებულ მე-3 წუთზე, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ელმასის ჩაწოდების შემდეგ მიწაზე დაუშვებლად დაარტყა ბურთი, რომელიც შჩესნის ფეხებს შორის გაუძვრა.
მანამდე, „ნაპოლის“ კარი ანხელ დი მარიამ აიღო, მაგრამ მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან კონტრშეტევის დასაწყისში მილიკი ლობოტკას ეუხეშა.
კვარაცხელიამ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა, როდესაც მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და მისი დარტყმული ბურთი შჩესნიმ ხელებში დააფიქსირა.
„ნაპოლი“ ორი ტაიმის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ოსიმენმა გოლის გატანის სამი შანსი ხელიდან გაუშვა.
საბოლოოდ, ნეაპოლელებმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსს“ მეორე თამაშიც მოუგეს და 78 ქულით ლიდერობენ, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ 61 ქულ აქვს.
თუ მომდევნო ტურში „ნაპოლი“ შინ „სალერნიტანას“ დაამარცხებს, ხოლო „ლაციო“ სტუმრად „ინტერთან“ წააგებს ან ფრეს ითამაშებს, მაშინ კვარაცხელიას გუნდი 6 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებს.
ლაშა თაბაგარი





