სუპერლიგის მეოთხედფინალურ სერიაში ბათუმმა კავკასიასთან მოედნის უპირატესობა მოიპოვა. მოგეხსენებათ, გუშინ გამართული შეხვედრა ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა მოიგეს და სერიაში დაწინაურებასთან ერთად, მოედნის უპირატესობა შეინარჩუნეს. დღეს კი, სერიის მეორე მატჩში, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ბათუმმა დაძაბულ ბრძოლაში – 81:75 სძლია კავკასიას და მოედნის უპირატესობა მოიპოვა.
თამაში თავიდანვე თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში 19:19 იყო. ვერც ერთმა გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა. მეორე პერიოდიდან ბათუმელებმა აქცენტი ინდივიდუალურ თამაშზე გააკეთეს. კაილი რიდლიმ, რომელიც აჭარული გუნდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, სწრაფი გარღვევებით ქულების ხვეჭის საიმედო გზას მიაგნო და სტუმართა დაწინაურება უზრუნველყო. მეორე პერიოდი ზღვისპირელებმა 22:13 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 31:22.
კავკასია არ გატყდა და მესამე პერიოდში ჩამორჩენა გააბათილა. ლევან გოგიჩაიშვილის შედეგიანმა თამაშმა მასპინძლებს კარგი სამსახური გაუწია – კავკასიამ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და თამაშის ბედის გადაწყვეტა ბოლო პერიოდზე გადაიდო. ასეც მოხდა, ბოლო წუთებამდე თანაბარი თამაში გაგრძელდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ბათუმელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.
ბათუმში 28 ქულით საუკეთესო იყო კაილი რიდლი. 17 ქულა ჯორდან სეშენმა მოაგროვა. 13 ქულა ახალგაზრდა გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა. კავკასიაში 18 ქულით საუკეთესო იყო ჯასტინ ფორესტი. 16 ქულა მიითვალა ლევან გოგიჩაიშვილმა, კრის მაკნილის ანგარიშზე კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა.
სერიის მომდევნო, მესამე და მეოთხე მატჩები ბათუმში – 24 და 25 აპრილს გაიმართება.
სუპერლიგის პლეი ოფში ბოლო წამს, მე-8 ადგილიდან გასულმა მარგვეთმა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ოლიმპს სერია გაუთანაბრა. მეორე მეოთხედფინალური მატჩი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთელებმა სამაგალითო ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე 77:72 მოიგეს და საერთო ანგარიში 1:1 გახდა.

ოლიმპი უპირობო ფავორიტი იყო და წაგების მიუხედავად, ახლაც ასე რჩება. დავით როგავას გუნდმა მესამე პერიოდი ჩააგდო, რის გამოც დაისაჯა და მთლიანად შეხვედრა წააგო. არადა, საქმე ისე მიდიოდა, ოლიმპელებს სერიის წინა მატჩის მსგავსად, დამაჯერებლად უნდა მოეგოთ. პირველი პერიოდის 17:13 მოგების შემდეგ ოლიმპმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მესამე პერიოდი მარგვეთელებმა 8:0 გაქცევით დაიწყეს, რაც გუნდური თამაშის დამსახურება იყო. გამოსარჩევია ნიკა ჩეჩელაშვილის შედეგიანობა, რომელმაც საკვანძო ეპიზოდში რამდენჯერმე იყოჩაღა და თავისიანებს თამაშის შემობრუნებაში დიდად დაეხმარა. მესამე პერიოდის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა, ხოლო ბოლო შესვენებამდე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ოლიმპელ გივი ბაქრაძეს უხეშად ეთამაშნენ, რომელმაც ადეკვატურად უპასუხა მეურვეს და ტექნიკურით დაჯარიმდა. მან დაზიანება მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
ბოლო პერიოდს მარგვეთი ლიდერის ამპლუაში შეხვდა და დარჩენილ დროში არაერთი დაბრკოლება გადალახა. ოლიმპი, ცხადია, დათმობას არ აპირებდა და გამარჯვების მოპოვებას ბოლომდე ცდილობდა. მარგვეთის მოთამაშეებმა დამაჯერებელი თამაშით მოახერხეს და ფავორიტი გუნდის ყველა შემოტევის გადაგორება და გამარჯვებამდე მივიდნენ.
მარგვეთმა ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ ბულიავას გარეშე ითამაშა, რომელმაც წინა მატჩში მსაჯის შეურაცხყოფის გამო დისკვალიფიცირებული იქნა. მის არყოფნაში მისი ამპლუის ნიკა ჩეჩელაშვილი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 16 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი მიითვალა რონი რუსომ, ხოლო მარქუს გილსონის ანგარიშზე 14 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. ოლიმპში 18 ქულითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა კალატოზიშვილი, 15 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ობრი მაკალპინმა მიითვალა.
ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო მატჩები 24 და 25 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერია 3 გამარჯვებამდეა.




