სუპერლიგის პლეი ოფში “კავკასია” და “ოლიმპი” დაწინაურდნენ

0
28

სუპერლიგის პლეი ოფი კავკასიისა და ბათუმის შერკინებით გაიხსნა. მეოთხედფინალური სერიებიდან პირველი სწორედ ამ გუნდებმა ითამაშეს და საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა იმარჯვა.შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალურ და ნებისმიერი ეტაპის სერიაში გამარჯვება 3 მოგებამდეა. შესაბამისად, ამ გამარჯვებით კავკასიელებმა ნახევარფინალისკენ ნაბიჯი გადადგეს, თუმცა საბოლოო წარმატებამდე ჯერ კიდევ შორი და საბრძოლია.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 11-მა გუნდმა 2 წრე ითამაშა, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გადავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძლას აგრძელებენ. კავკასიამ რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალურ სერიაში მეექვსეზე გასულ ბათუმს დაუპირისპირდა, რომელთან სერიაშიც პირველი მატჩის შემდეგ არსებული მოედნის უპირატესობა შეინარჩუნა.
მატჩი კავასიელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის მე-8 წუთისთვის მასპინძლები 15 ქულით (24:9) დაწინაურდნენ. ბათუმელებმა საქმის გამოსწორება მეორე პერიოდიდან დაიწყეს, როცა მწვრთნელის, ბუბა ბერიშვილის გადაადგილებებმა თამაშის მსვლელობაზე ეფექტურად იმოქმედა. დაცვითი ზღუდის გაძლიერებით, კავკასიელებმა შეცდომებს უხშირეს, რითაც სტუმრები სარგებლობდნენ, შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ და შედეგიანი გარღვევებით ჩამორჩენას ამცირებდნენ. ნომინალური მეფარის, ლაშა მიქელაძის პერიმეტრიდან ჩაგდებულმა ბურთებმა კი განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა და ბათუმელებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 40:43.
მესამე პერიოდიდან კავკასიამ ახალი ძალებით შეუტია. ამერიკელ უკანახაზელებს – კრის მაკნილსა და ჯასტინ ფორესტს ფეხი კარგად აუწყეს მეფარეებმა, ილია ლონდარიძემ, აიზია ელისმა და განსაკუთრებით – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, რომელიც თავიდანვე შედეგიანად ირჯებოდა და საბოლოო გამარჯვებაში უდიდესი წვლილი დაიდო.
ბათუმი არ ნებდებოდა, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ბოლო წუთზე არ გაუმართლა. საკვანძო მომენტში სამქულიანი ვერ ჩააგდო, თორემ ვითარება მაქსიმალურად დაიძაბებოდა. კავკასიელებმა დამაჯერებლად ჩაამთავრეს თამაში, ჩასაგდები საჯარიმოები ჩააგდეს და საბოლოოდ 90:84 გაიმარჯვეს.
კავკასიაში 19 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო კრის მაკნილი. 17 ქულითა და 4 პასით დაასრულა მატჩი გაფრინდაშვილმა, აიზია ელისმა 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ბათუმში 23 ქულით საუკეთესო იყო კაილი რიდლი. 15 ქულა ლაშა მიქელაძის ანგარიშზეა.

საპლეიოფო სერია გახსნეს ოლიმპმა და მარგვეთმაც. ამ გუნდების მეოთხედფინალური სერია დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო და ისე დასრულდება, ამ არენას არ გასცდება. არადა, მარგვეთს სურვილი ჰქონდა, საშინაო მატჩები ზესტაფონში ჩაეტარებინა, თუმცა დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო ზესტაფონში სუპერლიგის მატჩების ჩატარება მომავალი სეზონისთვის გადაიდო.
სატურნირო კუთხით თუ შევხედავთ, მეოთხედფინალურ სერიებში ეს წყვილი ყველაზე არათანაბარი გახლავთ. ოლიმპმა რეგულარული ჩემპიონატი მოიგო, მარგვეთმა კი პლეი ოფში ბოლო, მე-8 პოზიციიდან გააღწია. სერიის პირველი მატჩის საბოლოო შედეგი ამ ფაქტს ადასტურებს, თუმცა სათქმელია, რომ ოლიმპმა არც ისე იოლად მოიგო, როგორც შეხვედრის ანგარიშიდან ჩანს – 76:58.


მარგვეთმა მძლავრად ჩატარებული მესამე პერიოდის წყალობით თამაშში დაბრუნება მოახერხა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპმა მძლავრი პირველი ნახევარი ჩაატარა, რომლის პერიოდებიც შესაბამისად 18:7 და 23:16 მოიგო. დიდ შესვენებაზე თბილისური გუნდი 18 ქულით იგებდა და თითქოს საბოლოოდ უპრობლემოდ უნდა ემარჯვა, მაგრამ მოედანზე დაბრუნებულმა მარგვეთელებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს, ჩამორჩენა მალევე 6 ქულამდე შეამცირეს და როგორც იტყვიან, თამაშში დაბრუნდნენ.
მესამე პერიოდის დასკვნით წუთებზე ოლიმპის ცენტრმა, გიორგი ტურძილაძემ და გამთამაშებელმა, გივი ბაქრაძემ იყოჩაღეს, რამდენიმე ბურთი მიჯრით ჩააგდეს და ბოლო პერიოდის წინ ოლიმპის ლიდერობამ 9 ქულას უწია. განახლდა თამაში და ოთარ ბულიავას სამქულიანით სხვაობა ისევ 6 ქულამდე შეიკვეც, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი, რასაც მარგვეთმა მიაღწია. ბაქრაძისა და ტურძილაძის მორიგი აქტიურობის ტალღის შემდეგ ოლიმპის ლიდერობამ 10 ქულას გადააბიჯა და თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
უძლიერესი მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა გიორგი ტურძილაძემ და წევრმა, გივი ბაქრაძემ. პირველმა მათგანმა 27 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, მეორემ კი 11 ქულა და 13 პასი. სხვათა შორის, კავკასია-ბათუმის საპლეიოფო მატჩის მსგავსად ამ შეხვედრას საბერძნეთიდან ჩამოსული საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი დაესწრო. ბერძენი სპეციალისტი საქართველოში 3 დღე გაჩერდება და ორშაბათს, გამთენიისას სამშობლოში დაბრუნდება.


რაც შეეხება ოლიმპისა და მარგვეთის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩს, ის ხვალ, 21 აპრილს, კვლავ 19:00 საათზე გაიმართება.