„რეალი“ ისევ ნახევარფინალშია – ანჩელოტი გვარდიოლას გაუტოლდა

0
56

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაშიც ლონდონის „ჩელსის“ ისევ ორი უპაუხო ბურთი გაუტანა და 1/2-ფინალში გავიდა.
ლონდონში გამართული მატჩის დასაწყისში ნგოლო კანტეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ესსულმა ახლო მანძილიდან ააცილა. ტაიმი მიწურულს კუკურელიას ჰქონდა საგოლე მომენტი, როდესაც ახლო მანძილიდან მახვილი კუთხიდან დაარტყა და კურტუამ ბურთი მოიგერია.
58-ე წუთზე როდრიგომ შეტევის მარჯვენა ფლანგზე სისწრაფეში ჩალობას აჯობა და საჯარიმოში შესულმა გადაცემა კარის გასწვრივ გააკეთა, მაგრამ ბენზემა ვერ მიწვდა ბურთს, რომელსაც ვინისიუ ჟუნიორი დაეუფლა, რომელმაც როდრიგოს მისცა, ხოლო ამ უკანაკნელმა გაიტანა – 0:1.
მე-80 წუთზე ვინისიუსის გადაცემის შემდეგ ფედე ვალვერდე „ჩელსის“ საჯარიმოში ორ მცველს გაცდა და ბურთი როდრიგოს მისცა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა -0:2.
„რეალი“ ბოლო 13 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მეთერთმეტედ გავიდა, რაც სხვა გუნდებიდან ვერავინ მოახერხა.
მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გაწვრთნილი გუნდები ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მეცხრედ გაიყვანა და პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მე-6 თამაში მოიგო, რაც საკლუბო რეკორდია – ექვსივე პრემიერლიგის გუნდებთან.