‘შავი ლომი’ რამდენიმე დღეა ურუგვაიში, მონტევიდეოში დაბინავდა და სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში, ამერიკის სუპერ ლიგის მონაწილეებთან კონკურს გარეშე 5 თამაშს გამართავს.
აქამდე გარკვეული იყო ჩვენი გუნდი რომელ დღეს რომელ მეტოქესთან და სად ითამაშებდა, ახლა კი მატჩების დაწყების დროც დაზუსტდა.
‘შავი ლომი’ პირველ თამაშს 8 აპრილს, მონტევიდეოში, სტადიონ „შარუაზე“ არგენტინული დოგოს XV-ის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 6 თამაშიდან 5 მოგებით (26 ქულა), მიმდინარე გათამაშებაში პირველ ადგილზეა. შეხვედრა საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.
14 აპრილს იმავე სტადიონზე ჩილეს ‘სელკნემს’ ჩვენი დროით ასევე 22:00 საათზე ვერკინებით (6 თამაშიდან ორი მოგება, 11 ქულა და მე-5 ადგილი).
ამის შემდეგ გუნდი არგენტინაში გადაინაცვლებს და 21 აპრილს ადგილობრივ ‘პამპასს’ (6 თამაშიდან 4 მოგება, 17 ქულა და მე-3 ადგილი) ბუენოს აირესში, „კასა პუმას“-ზე ვეთამაშებით. შეხვედრა საქართველოს დროით ნაშუაღამევს, 22 აპრილს 01:00 საათზე დაიწყება.
მონტევიდეოში დაბრუნების შემდეგ ‘შავი ლომი’ წვეულ გუნდს, Sudamerica Rugby XV-ს საქართველოს დროით 29 აპრილს, ასევე ნაშუაღამევს 01:00 საათზე შეხვდება.
ტურნეს ფარგლებში ქართული ფრენჩაიზი დასკვნით თამაშს 6 მაისს მასპინძელთან, ამერიკის სუპერ ლიგის 2022 წლის გათამაშების გამარჯვებულ ‘პენაროლთან’ გამართავს. ურუგვაელებს 6 თამაშიდან ასევე 5 მოგება აქვთ, მეორე ადგილზე არიან და 1 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. მატჩი საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.




