ფრენკ ლამპარდი „ჩელსიში“ დაბრუნდა

0
43

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ფრენკ ლამპარდი დანიშნეს. 44 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლონდონელებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე უთავკაცებს. მან გრემ პოტერი შეცვალა, რომელიც 2 აპრილს დაითხოვეს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი „ჩელსის“ 2019 წლის ივლისიდან 2021 წლის იანვრამდე ავარჯიშებდა. მის ხელში გუნდი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც „არსენალთან“ 1:2 წააგო.
ლამპარდმა „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში 648 მატჩი ჩაატარა და 211 გოლი გაიტანა. მან ლონდონელთა შემადგნელობაში ინგლისის პრემიერლიგა 3-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 4-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 2-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა თითოჯერ მოიგო.