ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს, ხოლო მიმდინარე სეზონში მესამედ. 22 წლის ქართველმა serieapotm.easports.com-ის ტრადიციულ გამოკითხვაში გულშემატკივრების ყველაზე მეტი ხმა მიიღო და პირველი ფეხბურთელია, ვისაც სეზონის განმავლობაში თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზს მესამედ გადასცემენ.
მან “ნაპოლიში” თავის თანაგუნდე სამხრეთ კორეელ მცველ კიმ მინჯიაეს, არმან ლორიანტეს (“სასუოლო”), ადრიან რაბიოს (“იუვენტუსი”) და დესტინ უდოგიეს (“უდინეზე) აჯობა.
კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მესამედ მოიგო. მანამდე მან პირველობა აგვისტოში და თებერვალში არავის დაუთმო.
კვარაცხელიამ მარტში ჩატარებულ სამ მატჩში 2 გოლი მიითვალა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს ბერგამოს “ატალანტაში” კარში გატანილი საოცარი ბურთი.
საქართველოს ნაკრების გარემარბი კუთვნილ ჯილდოს კვირას, 2 აპრილს “დიეგო მარადონაზე” მილანთან გასამართ მატჩამდე მიიღებს.
“ხვიჩა კვაარცხელიას, რომელიც პირველია, ვინც სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშე სამჯერ გახდა, წარმატებისა და ჯილდოების სერია გრძელდება. მან იტალიაში ჩატარებულ პირველ წელიწადში უკვა 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.
კვარაცხელიამ თავისი თამაშით ყველა გულშემატკივრის გული დაიპყრო, ხოლო “ატალანტას” კარში გატანილი საუცხოო გოლი ქართველი გარემარბის ნამდვილი მარგალიტია” – განაცხადა სერია A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვო.
ხუთეული Stats Perform-ს გაფართოებული ანალიზის საფუძველზე შეირჩა, რომელიც შექმნილია მონაცემების საფუძველზე რაც Hawk-Eye-ის სისტემის დახმარებითაა ჩაწერილი. რეიტინგული სისტემა, რომელიც K-Sport-მა 2010 წელს დააპატენტა და მეცნიერულად დადასტურებულია, არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ მონაცემებს ითვალისწინებს, არამედ, პოზიციურ მონაცემებსაც. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზებას იძლევა, როგორიც უბურთოდ მოძრაობა და შესაბამისად ოპტიმალური მოძრაობაა, პოზიციის შერჩევა, გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში წვლილის შეტანა, რაც შედეგის ობიექტურად და ხარისხიანად შეფასების საშუალებას იძლევა.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში კვარაცხელია ერთადერთია, რომელიც იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ 3-ჯერ აღიარეს.
ლაშა თაბაგარი




